შალვა პაპუაშვილი: ტენდენციებია, რომ ევროინტეგრაცია აქციონ ევროისტერიად, მნიშვნელოვანია არა ის, როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ ის, როდის დასრულდება, ჩვენ ზუსტად ამ გეგმით ვმოძრაობთ

შალვა პაპუაშვილი: ტენდენციებია, რომ ევროინტეგრაცია აქციონ ევროისტერიად, მნიშვნელოვანია არა ის, როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ ის, როდის დასრულდება, ჩვენ ზუსტად ამ გეგმით ვმოძრაობთ

სამწუხაროდ, ტენდენციები არის, რომ ევროინტეგრაცია აქციონ ევროისტერიად, მნიშვნელოვანია არა ის, როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ ის, როდის დასრულდება, ჩვენ ზუსტად ამ გეგმით ვმოძრაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ახლა უკვე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი იქცა მანიპულაციის ინსტრუმენტად.

„ჩვენს ამომრჩეველსაც, საქართველოს მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდით, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნებოდა გზა, რომელიც გაივლიდა ღირსებაზე, კეთილდღეობასა და მშვიდობაზე. ამას იმიტომ დავპირდით, რომ ჩვენი საზოგადოება ხედავდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროინტეგრაცია, რომელიც უნდა იყოს პროცესი თანხმობისა, შრომისა და რუტინული საკითხების გადაწყვეტისა, სამწუხაროდ, იქცა განხეთქილების, პოლარიზაციისა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის იარაღად. ეს არის, რაც დაინახა ჩვენმა მოსახლეობამ, რაზეც ჰქონდა კრიტიკული შეფასებები და რასაც ვუპასუხეთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი განცხადების საფუძველი.

გახსოვთ, 2022 წლის ივნისში აბსოლუტურად აუხსნელად არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მაშინ, როდესაც მოგვიანებით, 2022 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიშით დადასტურდა, რომ ჩვენ უკრაინასა და მოლდოვაზე, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინაზეც წინ ვიყავით. მიუხედავად ამისა, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ნახეთ, რომ ეს გამოყენებული იყო პოლარიზაციის, განხეთქილების, ახალი რაღაც რევოლუციური ტალღების ორგანიზების ინსტრუმენტად. წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყო ინსტრუმენტი, რათა ზოგიერთ ძალებს შიგნით და გარეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების თემით მანიპულაციის გზით ზეგავლენა მოეხდინათ ქართველი ხალხის ნებაზე.

ნახეთ, რომ მაშინაც ჩვენ მტკიცედ დავდექით, ერთი მხრივ, შევასრულეთ ვალდებულებები, რაც გვქონდა, მეორე მხრივ, არ ავყევით პროვოკაციულ მოწოდებებს, რომელიც გვესმოდა პარალელურად – იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, უნდა დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, გაგვეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი. გახსოვთ, ევროპელი ელჩები იუსტიციის მინისტრთან მივიდნენ დემარშით, რომლის ქვეტექსტიც იყო ის, რომ გაეთავისუფლებინათ სააკაშვილი და გადაგვეყვანა საზღვარგარეთ. ჩვენ მტკიცედ დადექით, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, დაიწყო მეორე ეტაპი, როდესაც უკვე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი იქცა მანიპულაციის ინსტრუმენტად. სამწუხაროდ, ვხედავთ, ოპოზიციის და მათი მოკავშირე „ენჯეოების“ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. სამწუხაროდ, ტენდენციები არის, რომ ევროინტეგრაცია აქციონ ევროისტერიად. ამას ვაკვირდებით უკვე რამდენი ხანია ჩვენი ოპონენტების სახით. ისე წარმოჩენაა პროცესის, რომელიც საგნობრივი, ხანგრძლივი, რამდენიმეეტაპიანია, თითქოს დღეს გადასაწყვეტი საკითხია, თითქოს, მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხზე არის დამოკიდებულის საბოლოო შედეგი ევროკავშირში წევრობის. მინდა, ყველას შევახსენო, რომ მოლაპარაკებებზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია არა ის, როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ ის, როდის დასრულდება. ჩვენ ზუსტად ამ გეგმით ვმოძრაობთ და ზუსტად ეს იყო, მათ შორის სამთავრობო პროგრამის ნაწილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.