ევროპამ დღეს მიიღო პრორუსული გადაწყვეტილება, რითაც საქართველოს უბიძგა რუსეთისკენ წასვლა, - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რადიო სივრცის“ ეთერში. მან ამ კომენტარით საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია შეაფასა.
„ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროპა გიბიძგებს რუსეთისკენ. ამ რეზოლუციით გაიძულებს, რომ მიხვიდე რუსეთთან. ეს არის პრორუსული რეზოლუცია. რამდენჯერმე ჰქონდა ეჭვი გამოთქმული ევროპისა და ამერიკის სტრუქტურებს, რომ ზელენსკის გარემოცვაში რუსული აგენტურა იყო, მაგრამ არასდროს უთქვამს, რომ რუსული გარემოცვა შენთან თუ არის, მე შევწყვეტ ურთიერთობას, ეს არ უთქვამს, რადგან ურთიერთობა რომ შეეწყვიტა, რუსეთს მეტი არაფერი უნდოდა, იქაურობას აიღებდა. ახლა, ეს რეზოლუცია არის რუსეთისთვის სანატრელი ნაბიჯი. ფაქტობრივად ევროპა თვითონ კრავს ხელს საქართველოს და საქართველო უკვე რუსეთისთვის იოლი საკბილო შეიძლება გახდეს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
რამაზ საყვარელიძის თქმით, ხშირად ევროპული პოლიტიკა უჭკუოა.
„უამრავ რაღაცაში ჩანს, რომ ევროპული პოლიტიკა ხშირად უჭკუოა. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ტიპის ნაბიჯების ინიციატორები არიან ბალტიისპირელები. დიდი ეჭვი მაქვს, რომ რუსეთი არ გაუშვებდა ევროსტრუქტურებში ხალხს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ისე, რომ თავისი სამსახურების „ძაფი“ არ მიეყოლებინა უკან“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ევროპარლამენტმა დაამტკიცა ხუთი ჯგუფის მიერ წარდგენილი არასავალდებულო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, 72-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 82-მა კი თავი შეიკავა. დოკუმენტის სახელწოდებაა „საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისი ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და არჩევნების სავარაუდო გაყალბების შემდეგ“.