"საქართველოს მესიჯი არის ცხადი-საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე გამოიკვეთა ევროკავშირის დიდი მხარდაჭერა და მზაობა საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი აგვისტომდე მოაწეროს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების სხვა შეკითხვებსაც გასცა პასუხი, მათ შორის ისაუბრა საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო 28 თებერვალს მიიღებს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება დასკვნების გაკეთება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ობიექტური კრიტიკა ყოველთვის მისაღებია.
"აბსოლუტურად ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩვენ არ გვქონია ეკონომიკური ვარდნა, იყო შეფერხება, რაც გამოწვეული გახლდათ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესით. ამჟამად გვაქვს ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელს ველოდებით ეკონომიკის 5 %-იან ზრდას, მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი მოსალოდნელია 6,3%-იანი ზრდა"-აღნიშნა პრემიერმა.