ლონდონის სპეცსკოლაში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო სასწავლო დაწესებულებად ითვლება, არსებობდა ე.წ. „დამამშვიდებელი ოთახები“ ფანჯრების გარეშე, სადაც აუტიზმისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს დიდი ხნის განმავლობაში წყლისა და საჭმლის გარეშე კეტავდნენ, - იუწყება BBC.
კადრებზე, რომელსაც BBC ავრცელებს, ჩანან ოთახში ჩაკეტილი ბავშვები, რომლებიც ძლიერი სტრესის ქვეშ არიან და მათთან არავინ არ შედის. სკოლის თანამშრომლები მხოლოდ ერთხელ შევიდნენ ოთახში, როდესაც მოსწავლემ ვიდეოკამერას ფეხსაცმელი რამდენჯერმე ესროლა.
ორმოცამდე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვს საათობით კეტავდნენ ე.წ. „დამამშვიდებელ ოთახში“, რომლის კედლები და იატაკი რბილი მასალით იყო მოპირკეთებული.
სკოლამ საკუთარი გამოძიება ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ექვსი თანამშრომელი ძალადობდა ბავშვებზე, თუმცა ინფორმაცია არ იყო გადაგზავნილი შესაბამის უწყებებში. სამი მათგანი განაგრძობდა სკოლაში მუშაობას.
მოსწავლეების მშობლებმა განაცხადეს, რომ მათ შვილებს ამ ე.წ. „დამამშვიდებელი ოთახების“ შემდეგ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაეწყოთ. ერთ-ერთი ბავშვი ფსიქიატრიულ განყოფილებაშიც კი მოხვდა.
ადგილობრივი პოლიცია განაგრძობს დეტალურ გამოძიებას სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებით.