,,მე ბატონი გოგა ვარ…. ფეხები არავინ მომჭამოს… ქალის უკან ამოფარებული ხარ… გაიკითხე ჩემი სახელი… შენი დედას შ….” – ასეთი ფრაზები ისმის შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის გოგა (გიორგი) ბერძენიშვილის მხრიდან, რომელიც გორის რაიონული სასამართლოს ვიდეოთვალმა 2014 წლის 30 იანვარს დააფიქსირა. შემოსავლების სამსახურის უბნის საგადასახო ოფიცერის სამმართველოს უფროსი გიორგი ბერძენიშვილი ჯერ მოქალაქეებს საქმის გასარჩევად გარეთ უხმობს, ხოლო შემდეგ მათი უფლებების დამცველ ადვოკატს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს. ფაქტი სასამართლოს ფოიეში მოხდა.
30 იანვარს გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ მარსაგიშვილს უნდა განეხილა სისხლის სამართლის საქმე დაზარალებულ ნიკოლოზ ფიჩხაიას (გიორგი ბერძენიშვილის მოადგილის) ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე. ბრალდების მიხედვით, რესტორან ,,ნაჭარმაგევიდან” გამოსულ ფიჩხაიას, რომელსაც თან გიორგი ბერძენიშვილი ახლდა, ავტომანქანა შეეჯახა და მსუბუქად დაშავდა. საქმეზე გიორგი ბერძენიშვილი მთავარი მოწმეა. ავტომანქანას კი 17 წლის ახალგაზრდა მართავდა. ნახაზების მიხედვით, შეჯახება მთავარ მაგისტრალზე მოხდა, რომელსაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ცალკე სწავლობს.
პროცესის დაწყებამდე გიორგი ბერძენიშვილი და ნიკოლოზ ფიჩხაია ცდილობენ 17 წლის ბრალდებული, მისი ბიძა და ბებია ცალკე გაიყვანონ ,,დასალაპარაკებლად”. საქმის გარჩევას ბრალდებულის ადვოკატმა ნონა კირთაძემ ხელი შეუშალა და შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს მოუწოდა, რომ შეეწყვიტა მისი დაცვის ქვეშ მყოფებზე ზეწოლა.
გიორგი ბერძენიშვილი მოწინააღმდეგე მხარეს ეუბნება, რომ ქალის კალთას ნუ არიან ამოფარებულები. ,,თორემ გინდ ქალი იყოს, გინდ კაცი, ფეხებს ვერავინ მომჭამს” – ამბობს ბერძენიშვილი.
ამის შემდეგ კამათი ადვოკატსა და ბერძენიშვილს შორის გრძელდება. იმ მომენტში, როდესაც ჯერ სასამართლო გადაწყვეტილება არაა გამოტანილი და არ არის დადგენილი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთა ბრალეულობა, მხარეები თანხის გადაცემაზე საუბრობენ. ბრალდების მხარე ამბობს, რომ დაზარალებულ მაღალჩინოსნებს მკურნალობის თანხა უკვე გადასცეს, რასაც მეორე მხარე უარყოფს. თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, მასალას ცალკე შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება სასამართლოს ფოიეში მომხდარ ფაქტს, შემოსავლების სამსახურის სამმართველოს უფროსი გიორგი ბერძენიშვილი გაღიზიანდა იმ ფაქტით, რომ ადვოკატმა ნონა კირთაძემ მას უკვე გადაცემული თანხის შესახებ შეახსენა. გიორგი ბერძენიშვილმა ადვოკატს გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო. ადვოკატის თხოვნით, უფრო მეტად შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ვიდეოდან ამოვიღეთ.
გოგა ბერძენიშვილი გვეუბნება, რომ მან ადვოკატს არ შეაგინა. ,,მე იქ ადვოკატის მისამართით არ შემიგინებია. თუ რა მოხდა, ეს შეგიძლია ვიდეოშიც ნახოთ, თუ გაქვთ. ზოგადად კი კომენტარს არ გავაკეთებ”.
უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური ნანა ვასაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და დამრღვევი მოქალაქე 100 ლარით დაჯარიმა. მისი თქმით, ინციდენტი შენობის გარეთ მოხდა.
ადვოკატი ნონა კირთაძე ამბობს, რომ სრულიად უსაფუძვლოა 100 ლარიანი ჯარიმა, რადგან ინციდენტი მაღალჩინოსნის მხრიდან მოხდა უშუალოს სასამართლოს შენობაში; გარდა ამისა, ფაქტის გამო პროცესი ჩაიშალა და სასამართლოს უფრო მეტი სასჯელი უნდა გამოეტანა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა რეაგირებას მოახდენს შემოსავლების სამსახური მისი სამმართველოს უფროსის ქმედებაზე.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ისიც გაარკვია, რომ გოგა ბერძენიშვილი 2006-2009 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. კერძოდ, ის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ასევე ნონა კირთაძის თქმით, ის შიდა ქართლის სამხარეო პროკურატურაშიც მუშაობდა.