კირა ნაითლი კარიბის ზღვის მეკობრეებისგან მიღებული გამოცდილების შემდეგ, ფილმში კვლავ მონაწილეობას გამორიცხავს.
"ირონიულია, როდესაც რაღაც ერთდროულად გქმნის და განადგურებს. უნდა აღვნიშნო, რომ ისინი[კარიბის ზღვის მეკობრეებზე მომუშავე პერსონალი] პროფესიონალები არიან და ძალიან კარგად მუშაობენ, ჩემი კარიერა მათი დამსახურებაა. სწორედ მათ გამო მომეცა მომავალში საშუალება, მიმეღო მონაწილეობა ფილმებში, რომლებმაც საბოლოოდ ოსკარზე ნომინირება მომიტანა. კარიბის ზღვის მეკობრეების სამივე ნაწილი იყო ყველაზე წარმატებული ფილმები ჩემს კარიერაში და ამავდროულად, იყო მიზეზი იმისა, რომ გადავიწვი. ასე რომ, ამ ფილმებს ჩემს თავში ძალიან დამაბნეველი ადგილი უკავიათ" — თქვა ნაითლიმ
როგორც კირამ განაცხადა, ის აღარ იმუშავებს ისეთ პროექტებზე, სადაც გაწერილი განრიგი არ იქნება და განგრძობითი სცენარის გამო, ფილმის შემდეგი ნაწილის გადასაღებად დაუგეგმავად გამოიძახებენ ხოლმე.
"სამუშაო საათები სრული სიგიჟეა. წარმოიდგინეთ, ეს თქვენი ცხოვრების წლებია და თქვენ ვერ აკონტროლებთ სად იქნება გადაღება, რამდენ ხანს გაგრძელდება ის და რას გადაიღებენ" — განმარტა მსახიობმა.
ვარსკვლავმა გაიხსენა რთული და ტრავმული გზა, რომელიც მან განვლო ჰოლივუდში, როგორც ახალგაზრდა ქალმა. იმ დროს, როდესაც ფსიქიკურ ჯანმრთელობას ყურადღებას არავინ აქცევდა.
ცნობისთვის, ნაითლი ნაკლებ დროს უთმობს კარიერას და მეტწილად ქმართან, მუსიკოს ჯეიმს რაიტონთან, ერთად ქალიშვილების აღზრდითაა დაკავებული. თუმცა, მალე ის Netflix-ის სერიალში, Black Doves, გამოჩნდება. სერიალი 5 დეკემბერს გამოვა .