ლანა დელ რეის ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ლანა დელ რეის ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ლანა დელ რეის მეათე სტუდიური ალბომი, The Right Person Will Stay, 2025 წლის 21 მაისს გამოვა. ამის შესახებ დელ რეიმ მსმენელს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით ამცნო:

"მადლიერი ვარ, რომ ჩემი 13 ახალი სიმღერა ლუკთან, ჯეკთან, ზაკთან, დრიუ ერიკსონთან და სხვებთან თანამშრომლობით შეიქმნა," — წერს მომღერალი. პოსტზე მან ჯეკ ანტონოვი, ლუკე ლერდი და დრიუ ერიკსონი მონიშნა — ანტონოვი და ერიკსონი მის წინა, 2023 წლის ალბომზე Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd მუშაობდნენ, ლუკ ლერდი კი ქანთრის ჟანრში მოღვაწე პროდიუსერი და სიმღერების ავტორია. დელ რეის თქმით, რამდენიმე სიმღერას მსმენელს სთეიჯქოუჩის ფესტივალამდე გააცნობს, რომელიც აპრილშია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ლანა დელ რეის აქამდეც ჰქონდა დაანონსებული ქანთრის ჟანრის ალბომი, რომელსაც Lasso ეწოდებოდა და, წესით, 2024 წლის სექტემბერში უნდა გამოსულიყო. თუმცა, მომღერალმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ალბომზე მუშაობისას სხვა მიმართულებით წავიდა და ახალი ვარიანტი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ჟღერადობის იქნება.