სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც, მომზადდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
„მინდა აღვნიშნო, რომ გლობალურად მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებს. გაიზრდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელთა რაოდენობა და გაღრმავდება ოპერატიული თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ს შესაბამის სამსახურებთან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.