რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, იმედი აქვს, რომ დასავლეთის მცდელობები, განახორციელოს გადატრიალება საქართველოში, ჩავარდება, ისევე როგორც ყაზახეთსა და ბელარუსში ჩავარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დასავლეთი არასოდეს უშვებს თავის მსხვერპლს ასე მარტივად, დღეს თბილისი დგას ფერადი რევოლუციის მორიგი მცდელობის წინაშე, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინაშე. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ჩაიშლება, ისევე როგორც წარუმატებელი იყო დასავლეთის თავხედური მცდელობები ბელარუსისა და ყაზახეთის შესარყევად“, - აღნიშნა ნარიშკინმა მოსკოვში, დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოებისა და დაზვერვის ლიდერების შეხვედრაზე.
მისი თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის დაპირებების სანაცვლოდ შეამცირა კავშირი პოსტსაბჭოთა სივრცესთან, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ დროულად გააცნობიერა, რომ ასეთი პოლიტიკა საზიანოა.
„მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ულტრალიბერალურ დღის წესრიგს და დადგა ქართული საზოგადოების ეროვნული ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად“, - განაცხადა ნარიშკინმა.