ჯენიფერ ლოურენსი ახალი დოკუმენტური ფილმის Bread and Roses ერთ-ერთი პროდიუსერია. როგორც ცნობილია, ლოურენსს ოჯახი და მეგობრები მოუწოდებდნენ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან ფილმი თალიბანის მმართველობის ქვეშ მცხოვრები ავღანელი ქალების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის რეჟისორი საჰრა მანია, ხოლო პრემიერა მიმდინარე წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა.
"ამ ყველაფერზე ჩემი პირველი რეაქცია ის იყო, რომ გამეკეთებინა ისეთი რამ რაც არ არ სურდათ თალიბებს. ეს ფილმი იყო იქ მცხოვრები ხალხისთვის ერთგვარი საშუალება და შესაძლებლობა, რათა ეკრანზე აღბეჭდილიყო ის, რაც რეალურ დროში ხდება. ვერ წარმომიდგენია, რომ ტაქსით მგზავრობას ან მუსიკის მოსმენას ამიკრძალავენ",— განაცხადა ჯენიფერ ლოურენსმა.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ფილმის რეჟისორმაც ისაუბრა
"თალიბანის მმართველობის ქვეშ მყოფი ავღანელი ქალების მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მათ არ შეუძლიათ სამსახურში წასვლა და ქუჩაში თავისუფლად სიარულიც კი. მათ არ შეუძლიათ სიმღერა, მუსიკის დაკვრა და ფილმის გადაღება საკუთარ ქვეყანაში. მათ არ შეუძლიათ რესტორანში წასვლა და საკვებიც ყიდვა", — თქვა საჰრა მანიმ.
ფილმის გადაღების პროცესში ლოურენსის ჩართვამ სოციალურ ქსელებში ტროლები გააქტიურა, რომლებიც ლოურენსს "გაუნათლებელს" ეძახდნენ და ამბობდნენ, რომ მას ამ ფილმის გადასაღებად არც საკმარისი ცოდნა ჰქონდა და არც გამოცდილება.
"ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, ჩემმა ოჯახი და მეგობრები ნამდვილად ცდილობდნენ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა არ მიმეღო. საშიშიაო. რა თქმა უნდა არის, მაგრამ ამასთან ერთად არის 20 მილიონი ქალიც, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ტროლები ყოველთვის სხვადასხვა რამეს ამბობდნენ. ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი, რომ საშუალო სკოლა დავამთავრე და ამიტომ ტექნიკური თვალსაზრისით განათლებული არ ვარ. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ რატომ ვცდილობ შესაბამისი განათლების გარეშე პოლიტიკაზე ვისაუბრო. ამაზე ერთი პასუხი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური საკითხი კი არა, ხალხის ცხოვრებაა. მე განათლებული ვარ და მესმის კინოხელოვნება, განათლებული ვარ ისტორიაში და ვიცი, როგორ უნდა მოვყვე ამბავი", — ამბობს ჯენიფერ ლოურენსი.
ეს დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ზაჰრას, სტომატოლოგი ქალის შესახებ, რომელიც იძულებულია მიატოვოს თავისი საყვარელი საქმიანობა, ტარანომის შესახებ, რომელიც აქტივისტია და საზღვარზე გარბის და ბოლოს, მთავრობის თანამშრომელ შარიფას შესახებ, რომელიც კარგავს სამსახურსა და დამოუკიდებლობას.