დავით ზარდიაშვილი: ჩოქელას სინდრომი, ანუ შაყინტრავება

დავით ზარდიაშვილი: ჩოქელას სინდრომი, ანუ შაყინტრავება

წინა წერილში (იხ. „რანი არიან „როთარასტები“ და როგორ ებრძვიან ისინი ევროპის სჯულს საქართველოში“) „პოლიტიკურად არაკორექტული“ მორიგი ტერმინი, რაც საქართველოში თავისი ეგზალტირებული ქცევით სახელგავარდნილი როთის მიმართ რეაქციითაა ინსპირირებული, განვმარტეთ, ავხსენით, რომ „როთარასტობა“ პოსტმოდერნული ლიბერალიზმის, ანუ − პოსტლიბერალიზმის უკანასკნელი, მილევადი და ლპობადი სტადიაა. ეს სტადია ამჟამად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ტრამპის გამარჯვების შემდგომად მთელ მსოფლიოშიც უკვე დადგა; ამდენად, პოსტლიბერალიზმის − ე.ი. ლიბერასტიის „ჩამოროთარასტება“ საყოველთაოდ გარდაუვალი პროცესია. მიუხედავად ამისა, რომ ლიბერასტია განწირულია, ეიფორიის დრო ნამდვილად არ არის. პროცესები, რაც უნდა ამ უმთავრესი ტენდენციის შესაბამისად განვითარდეს, შეიძლება ძალზე სახიფათო გამოდგეს და საბედისწერო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რაც პოსტლიბერალიზმის კოლაფსის დროს შეიძლება მომაკვდინებელიც კი იყოს, თავდაკარგულობა, უარესიც − თავწაწყვეტილობაა, რასაც „ჩოქელას სინდრომი“ უნდა ვუწოდოთ. გავარჩიოთ, რაშია „ჩოქელას სინდრომის“ არსი და რატომ შეიძლება ის მეტად საშიში აღმოჩნდეს.

ჩოქელა − მწერია. გადაადგილებისას კიდურებს ისე ხრის, თითქოს იჩოქება; ასეთი სახელიც ქართულად ამიტომაც ჰქვია. რუსები − „ბოგომოლს“ უწოდებენ, რადგან ამ მწერის დაჩოქილობა ლოცვად ესახებათ.

იოლად მიხვდით ალბათ, რა მსგავსებაა ამ მწერსა და ქართველ „როთარასტებს“ შორის, რომლებიც ახლა „ევროშაყინტრავებულობას“ (სოსო მანჯავიძეს მადლობა ამ ზედმიწევნით ზუსტი სახელის მიგნებისთვის!) ექსტრემისტული თავაწყვეტილობით ჩვეულებისამებრ გამოხატავენ: ცალ ფეხზე დგომა და ჩოქვა-ჩოქვით ვითომცდა ევროპისკენ სვლა, შაყინტრავებულთა ფენომენოლოგიის ამოსავალი თეზისია. მაგრამ, არსებობს მეორე და არანაკლებად ფენომენოლოგიური ნიშანიც, რაც ქართველ და არა მხოლოდ ქართველ, „როთარასტებს“ „ჩოქელას სინდრომით“ შეპყრობილ უიმედო ავადმყოფებად წარმოაჩენს. საქმე აქ იმაშია, რომ შეჯვარების დროს მამალ ჩოქელას დედალი თავს წააწყვეტს ხოლმე. ბუნებრივია, თავწაგლეჯილი მამალი უკვე მკვდარია, მაგრამ მისი ტანი ცხოველმოქმედებას გარკვეული დროის განმავლობაში განაგრძობს და როგორც ბიოლოგები ამტკიცებენ, ერთგვარ „მწერულ“, თავდაკარგულ ორგაზმსაც განიცდის. მამალი ჩოქელას ეს საოცარი ფენომენი უნდა განვიხილოთ „როთარასტობის“ არსებით თვისებად და ღირს ამაზე უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ.

ამ ფენომენის გამაოგნებელი საკვირველება ის გახლავთ, რომ დროის ერთ მომენტში, სიკვდილი და სიცოცხლე, ენტროპია და სინთროპია, ქმნადობა და განადგურება, როგორც მაგ. ფროიდი იტყოდა − „ეროსი და თანატოსი“ ამ მწერში ერთდროულად, კოიტუსის ერთ აქტად ხორციელდება; ბუნებრივია, ჩოქელა მწერია და ოდენ ინსტინქტებით მოქმედებს, მან არ იცის და არც შეიძლება იცოდეს, რასა იქმს, არამედ მოდით ასე ვთქვათ − წინასწარ დაპროგრამებულ ქცევის წესს სრულიად არაცნობიერად მისდევს; არჩევანიც არა აქვს, რომ არ მისდიოს; იგი ვერ აცნობიერებს, რადგან ცნობიერება საერთოდ არცა აქვს, რომ სქესობრივი აქტის მომენტში უკვე მოკვდა და თავმკვდარი ტანით სხვას არც არაფერს განიცდის, გარდა ორგაზმის ექსტაზისა. ასეთი ფენომენი ბიოლოგიაში საკმაოდ იშვიათია; ენტროპია და სინთროპია, როგორც წესი, ბიოლოგიურ ორგანიზმებში გარკვეულ მიზეზ-შედეგობრიობას ემორჩილება და აუცილებლად დროითი შუალედით იმიჯნება; ორგანიზმის სიკვდილი და დაშლა, სიცოცხლის დასასრული, წესისამებრ მოგვიანებით დგება, მხოლოდ მაშინ, როცა სიცოცხლის ნება, ორგანიზმის ძირეული ინსტინქტი ენტროპიის ფიზიკური კანონების გამო მილევადია და ბოლოს იმდენად უნდა მინავლდეს, რომ ორგანიზმი სიკვდილს დანებდეს. განსაცვიფრებელია, როცა სიცოცხლის და სიკვდილის ნებაც ერთ აქტად ხორციელდება და სწორედ ეს სიმბოლურად გამოხატავს ლიბერასტიის „ჩამოროთარასტების“ ფენომენურ მდგომარეობას. მეტიც − ფენომენოლოგიურ თვისებას, რაც ლიბერასტიას იმად აქცევს, რაც არის. ჩოქელასი არ იყოს, მათი არსებობა − სიკვდილშია და ეგებ, სწორედ ეს, შემზარავი უკუღმართობაა საბედისწერო საფრთხე, რაც შეიძლება „როთარასტულ“ დევიზად ასეც გამოითქვას: „რადგან სიკვდილი ასე ნავარდობს, სიცოცხლის ყველა კარი დარაზეთ?!“

მწერისგან განსხვავებით − ადამიანი ცნობიერი, გონიერი არსებაა. თუმცა, დამეთანხმებით, „ევროშაყინტრავებულთა“ ქცევა, რაც ცნობიერის რაციონალურ საფუძვლებს მიღმაა, უფრო არაცნობიერი ინსტინქტებით იმართება, როგორც, მაგალითად, დიდი გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი იტყოდა, წმინდა აფექტს წარმოადგენს და ვერავითარ შემთხვევაში მიზანმიმართულად რაციონალურ, ანდა თუნდაც რაციონალური მიზნის მქონე, თუმცა შესაძლოა მცდარ, ირაციონალურ, სოციალურ ქცევად ვერასგზით მიიჩნევა. სწორედ ამას გამოხატავს ანეკდოტური სიტუაცია „ევროშაყინტრავებულთა“ პოლიტიკური ავანგარდის − ე.წ. ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ძალიან სასაცილოა, როცა მათი გენერალური გეგმაა ყოველ ჯერზე მომდევნო მიტინგის, სადაც გეგმას თურმე აუცილებლად წარადგენენ, დაანონსება; ანდა კიდევ უარესი: ანა დოლიძის განმარტებით, თურმე გეგმა გახლავთ „ქართველი ხალხის გაბრაზების განხორციელება“, ანუ − აფექტის, როცა ინდივიდი, მაგალითად, „გულანთებული ახალგაზრდა“, თუ „გულების ასანთებად“ სპეციალურად დატრენინგებულ ინდივიდთა ჯგუფი, მეტიც − „ევროშაყინტრავებულთა“ ერთგვარი სოციალური ფენა თუ კლასტერი მთლიანად, არაცნობიერი ინსტინქტების შესაბამისად, ვითარცა ჩოქელათა კოლონია, ისე „ირჯება“. დიახ, გეგმა სწორედ ეს გახლავთ − აფექტი! აფექტით მოქმედი მასა კი, მოგეხსენებათ, აღარც ხალხია და აღარც ერი, არამედ − ბრბოა! ბუნებრივია, ეს ძალიანაც საშიშია, რადგან თუკი მმართველი პარტიის პოლიტიკის, თუგინდ მცდარიც იყოს, ალტერნატივა ქვეყანაში ოდენ აფექტია, ეს ქვეყანა მუდმივად დგას დამანგრეველი საფრთხის წინაშე: ვაი და ერთხელაც იქნება მასშტაბურ აფექტს მიაღწიონ და მაშინ, „ჩოქელას ექსტაზი“ მონაგონი გახდება!
…თუ საქართველოს ლიბერასტიის „ჩამოროთარასტების“ ერთგვარ სადემონსტრაციო პოლიგონად წარმოვიდგენთ, რაც სინამდვილისგან შორს არც არის, ე.წ. ოპოზიციის ქცევა ტიპოლოგიურად ჩოქელას თავდაკარგულობის, უფრო სწორად − თავწაწყვეტილობის, უაღრესად ნიშანდობლივი ნიმუშია. „ევროშაყინტრავებულთა“ მასა, ვითარცა მწერთა კოლონია, წინასწარ დაპროგრამებული ინსტინქტებით მოქმედებს და ჩოქელას ექსტაზს, რასაც „შაყინტრავება“ ეწოდება, ესწრაფვის. გარდა ამ ექსტაზისა, რაც ორი საბაზისო ინსტინქტის − „ეროსისა და თანატოსის“ ერთ აქტად განხორციელებისას მიიღწევა, ძალიან ძნელია, მათ ქმედებაში რაიმე მიზანი ამოიკითხო.

კიდევ უფრო უარესადაა საქმე, თუკი შამყინტრავებელთა, ე.ი. იმათი, ვინც წინასწარ აპროგრამებს შაყინტრავებას, ფენომენოლოგიას დავაკვირდებით. ზოგადად, მთელი ეს მასა, უფრო სწორად − კოლონია, იერარქიულადაა ორგანიზებული, მაგრამ „ჩოქელას სინდრომი“, ანუ − გონისა და სინდისის გათიშვა, გონიერი და სიქველისკენ მიდრეკილი ადამიანის ინსტინქტებით მოქმედ მწერად გარდაქმნა და ამ იერარქიის სათავეში მყოფთა მიერ უკიდეგანო ბატონობის ინსტრუმენტად გამოყენება, მთელ მათ იერარქიას გამსჭვალავს: ამ იერარქიის ყოველ საფეხურზე მყოფი, რომელიც სხვის შაყინტრავებასა ცდილობს, თავადაც ზემდგომის მიერ შაყინტრავებულია, ხოლო ჯილდოდ − არა მხოლოდ რაიმე მატერიალურ სარგებელს, არამედ ჩოქელას ექსტაზს მოელის; საქართველოს მაგალითზე ეს მატერიალურადაც და არამატერიალურადაც პატრონ-კლიენტელური სქემით, სადაც ექსტაზიც დამსახურებისამებრ, „მერიტოკრატიულად“ ნაწილდება, რეალიზდება. იერარქია დაახლოებით ასე გამოიყურება: ინდოქტრინიზებული „გულანთებული“ რიგითები − მათი „განმანათლებლები“ თუ „ტრენერები“ − ფსევდოაკადემიური სექტორი − ფსევდოსამოქალაქო საზოგადოება − „როთარასტული“ პოლიტიკური ავანგარდი − მათი უცხოელი პატრონები, დაბოლოს, უმაღლეს საფეხურზე ისინი, ვინც ეს ყველაფერი, როგორც უძველესი შეთქმულების თანამედროვე გაგრძელება, დაგეგმა და მოაწყო. შეთქმულება კი ჯერ კიდევ იმ უხსოვარ დროს დაიწყო, როცა გველმა ადამი და ევა აცდუნა…