მინისტრობის კანდიდატებზე ცვლილება იქნება თუ არა, მოდით ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც კანონით არის გაწერილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს დავუტოვოთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტობის კანდიდატზე თუ იყო მსჯელობა, ასევე ახალ მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები, მდინარაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს ამაზე საუბრის უფლება მხოლოდ ირაკლი კობახიძეს აქვს.
„პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი დღეს საერთოდ არ ყოფილა - არც ერთი სიტყვა! რა თქმა უნდა, ვერსიები არსებობს უამრავი, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ. ჯერ ჩვენ ამაზე პოლიტსაბჭოზეც არ გვიმსჯელია.
რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, ცვლილება იქნება თუ არა, მოდით ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც კანონით არის გაწერილი, დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს.
სულ რომ დეტალურად ვიცოდე ყველა კანდიდატის შესახებ, ამისი თქმის უფლება არც ერთ სხვა ადამიანს, გარდა ერთისა და ეს არის მხოლოდ ირაკლი კობახიძე, რადგან ის არის სწორედ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სხვას ამის თქმის უფლება არ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილი.
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერობის კანდიდატი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.