შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ გვინდა სამადლოდ მიგვიღოს ვინმემ ევროკავშირში. ჩვენ გვინდა მიგვიღონ გააზრებულად, რომ ვჭირდებით

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ გვინდა სამადლოდ მიგვიღოს ვინმემ ევროკავშირში. ჩვენ გვინდა მიგვიღონ გააზრებულად, რომ ვჭირდებით

ჩვენ არ გვინდა სამადლოდ მიგვიღოს ვინმემ ევროკავშირში. ჩვენ გვინდა მიგვიღონ გააზრებულად, რომ ვჭირდებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით საინტერესოა ევროკავშირისთვის და ეს უნდა აღიაროს და ვერავინ გადმოხედავს ქართველ ხალხს ზემოდან.

„აქ საბოლოო ჯამში საუბარი ხომ არ არის მხოლოდ რაღაც პოლიტიკურ სიმპათიებზე, ჩვენ საინტერესო ვართ არა პოლიტიკური პარტიებით, მათ შორის ევროპაში, არამედ როგორც სახელმწიფო, ჩვენი სახელმწიფოს მდებარეობა, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ა.შ. ჩვენ, ჩვენი ღირებულება გვაქვს ევროკავშირისთვის და გამოჩნდა ახლა ამ კრიზისის დროს, როდესაც ცალკე ჩრდილოეთის დერეფანი ჩაიკეტა, ცალკე სამხრეთის და საქართველოს გავლით გადის ყველა ტვირთი ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ნურავის იფიქრებს, რომ „ქართველი ხალხის რევიზორი გახდება“.

„სამადლოდ არც ჩვენ გვინდა ევროკავშირში. ჩვენ გვინდა მართლა გავიგოთ, რომ ვჭირდებით თუ არა ევროკავშირს. ჩვენ განგვიხილავენ თუ არა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან ნაწილად. სამადლოდ გადმოგდებული არც პროგრესი უნდა ქართველ ხალხს და არც არაფერი. ასე უნდა ზოგიერთს წარმოგვიჩინონ, სამადლოდ გააკეთონ ეს ყველაფერი. დიდი ძმის როლი ითამაშონ კიდევ ერთხელ, მაგრამ ჩვენ საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს არ ვეგუებოდით დიდი ძმის ამ როლს.

შევახსენებ, ჩვენს საზოგადოებას ახსოვს. ასეთი რაღაცები რომ გაებედათ, მათ შორის საბჭოთა კავშირის დროს ყოფილა შემთხვევები, ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ერთმა მწერალმა ქართველებზე და ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში საპროტესტოდ. აქ ჩამოგვადგა შვიდი კომიტეტის თავმჯდომარე, გადაგვიარეს ქართველ ხალხს. მათ შორის, ქალბატონმა რასა იუკნევიჩიენემ იქიდან თქვა, რომ ქართველი ხალხის ბრალიაო, რომ თქვენ ევროპაში შეფერხება გექნებათო, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ აძლევთ ხმასო. როდესაც თავს უფლებას აძლევენ ასეთი რაღაცების, ყველას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპელებს, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებს შევახსენებ, გაიხსენონ საბჭოთა კავშირის პერიოდი, ჩვენი საერთო პერიოდი რომ იყო და დაპყრობილები რომ იყვნენ, გაიხსენონ ერთი ქართველები მაშინ როგორ ვიქცეოდით და ასე ადვილად ვეგუებოდით თუ არა, რომ ზემოდან დაეხედათ ჩვენთვის არათუ ლიეტუველ, ლატვიელ, ესტონელ პოლიტიკოსს, არამედ, მოსკოვიდან ჩამოსულ რევიზორებს. ასე, რომ თავი ნუ ჰქონიათ ქართველი ხალხის რევიზორები გახდებიან", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.