უპირველეს ყოვლისა სამყაროში მშვიდობის დამყარების მოლოდინი უნდა გვქონდეს რადგან ტრამპის ერთ-ერთი განცხადება იყო, რომ ის მშვიდობას ჰპირდებოდა ყველას და ამავდროულად ქვეყნებისთვის იმ იდენტობის შენარჩუნებას რაც სხვადასხვა სახელმწიფოს განასხვავებს, - განაცხადა „საზოგადოება ქართულის“ წარმომადგენელმა, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ „დღის „ქრონიკაში“. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით, მოახდენს თუ არა ეს ფაქტი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გავლენას.
„ახლა გადამწყვეტ ფაზაშია ეს ბრძოლა, ამიტომ არ ჩერდება ეს ოპოზიცია, ის მხარე, რომელიც ამ ღირებულებებისა და ფასეულობების წინააღმდეგაა და ამიტომ სჩადიან ენით აღუწერელ ღალატს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული სახელმწიფო, ქართველები სიმშვიდით და გონიერებით გავალთ ფონს. აქეთ გვეძახიან რუსეთუმეები ხართო და მათი გზაა ზუსტად რუსული ბოლშევიზმის გზა. ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია. მათთვის სხვა ხსნა არაფერია, თუ არა ყველაფერი მიაწერონ რუსულს, მიაკერონ იარლიყი იმ ადამიანს, რომელიც მათგან განსხვავებულად აზროვნებს და აზროვნებს ისე, როგორც მსოფლიოს უმეტესობას უნდა. ესენი ამ ყველაფერს უწოდებენ რუსულს. სულ ცოტა ხანი მოვითმინოთ, რამდენიმე დღეღა დარჩა და ამ ყველაფერს წერტილი დაესმება, დაერქმევა ყველაფერს სახელი - ვინ რუსულს და ვინ ქართულ საქმეს აკეთებს“, - განაცხადა სიხარულიძემ.