უკვე მახინჯ ტრადიციად იქცა, ყოველი საპროტესტო აქციის დროს ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ შეურაცხყოფა, ბულინგი და თავდასხმა, - განაცხადა ჟურნალისტმა, ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა თეა სიჭინავამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ის არის 2007 წლის 7 ნოემბრის დაზარალებული და ამ ფაქტთან დაკავშირებით ბევრი რამის თქმა შეუძლია.
„გუშინ აქციის მონაწილეებმა, „მწვერვალსაც“ მიაღწიეს და 7 ნოემბერი გვისურვეს. მე ვარ 7 ნოემბრის დაზარალებული და შემიძლია ბევრი რამ ვთქვა ამ ფაქტზე. ის, რომ 7 ნოემბრის სიმძიმეს ვერ აცნობიერებ, სწორედ ეგ განაპირობებს იმ ადამიანების ზღვარგადასულ ქცევას, რომელსაც ტელეკომპანიის მისამართით ვხედავთ. ის, რომ ამ თემას ყოველდღიურად არ ვიხსენებთ, არ ნიშნავს, რომ ეს დანაშაული გაცვდა, ან იმ დანაშაულმა ოდნავ მაინც დაკარგა წონა. არა, ეს ასე არ არის და რაც არ უნდა ვინმეს აღიზიანებდეს ამ თარიღზე საუბარი, ვიდრე არსებობს „იმედი“, ყოველთვის იქნება 7 ნოემბერი და ყოველთვის გავახსენებთ ყველას ამ თარიღს, ამ დანაშაულს და ამ დანაშაულის შემოქმედთა არსებობას.
თუ მაინცდამაინც პარალელების გავლება გსურთ, 7 ნოემბერს მაშინდელი ხელისუფლების ქცევა და გადაწყვეტილებები ერთი ერთში იმეორებდა რუსეთის რეჟიმის სტილს, მეტიც, რიგ საკითხში აჯობა კიდეც პუტინის ხელისუფლებას. ამის დასტურია პირდაპირ ეთერში შემოჭრა, დარბევა და ტელევიზიის განადგურება. ეს ისე, შეხსენებისთვის. რაც შეეხება მიმდინარე საკითხს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ეს ყველაფერი კი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე ხდება, სადაც ოპოზიცია, როგორც თავად ამბობენ, ცოტათი გადაიღალა და ახალი გეგმის ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვა“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
19 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს.