ჩვენ რაც მოვახერხეთ ამ სამ დღეში არის ის, რომ ჯამში ალბათ 500-მა ადამიანმა, ვინც ღამეს ათევდა ჩვენთან ერთად, მოახერხა ის, რომ პოლიციას არ ეძინა სამი ღამე. მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ადგილას აქცია დავგეგმეთ ჩვენ ისე, რომ სიურპრიზი ყოფილიყო და ამან თავისი შედეგი გამოიღო, ყოველ შემთხვევაში დღე ნახევრის განმავლობაში მინიმუმ დაბნეულები იყვნენ, - ასე მიმართა მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მელიქიშვილის გამზირზე პროტესტის გამოხატვას არანაირი აზრი არ აქვს და მხოლოდ აქციის მონაწილეების დაღლას გამოიწვევს. მანვე მოუწოდა აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ და შემდეგი ნაბიჯის მოფიქრებას ხვალისთვის დაჰპირდა.
„ახლაც ჩვენი აზრით, ამაზე ვსაუბრობდით რაც არის გასაკეთებელი, არის გასაკეთებელი ის, რომ უნდა გადავიგეგმოთ და რაღაცა განსხვავებული არის მოსაფიქრებელი და არა იგივე, რასაც აქ ვაკეთებდით. თორემ ახლა, რაც შეცვალეს იმათმა სტრატეგია, სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მელიქიშვილს გვაკეტინებენ და იძახიან, რომ ეს პრობლემა არ არისო და მეორე დღეს კიდე აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტილი დატოვება შინაარს არის მოკლებული, რადგან მათთვის დისკომფორტი ეს არ არის, უბრალოდ ჩვენ დავიღლებით და არაფერი მაგით არ შეიცვლება. ამიტომ, ჩვენ რაც გადავწყვიტეთ არის ის, რომ დავიშალოთ, წავიდეთ დავისვენოთ და დღის განმავლობაში ჩვენ გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ რაღაცა ნაბიჯს რას გავაკეთებთ, სავარაუდოდ ალბათ უფრო ხვალისთვის. მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც ისევ სიურპრიზი იქნება და რაც იმათ მწყობრიდან გამოიყვანს. ამის გაგრძელებას აქ ახლა ჩვენი აზრით დიდი შინაარსი არა აქვს. ამიტომ წავედით დავისვენეთ, ძალები მოვიკრიფეთ და გავაგრძელებთ მერე ისევ ყველა ერთად“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.