მიხაელ გალერი, როგორც ჩანს, არ გააფრთხილეს, რომ საქართველოში ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ ქვეყნდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „მე მტკიცედ ვურჩიე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს, ჩაატარონ ხმის პარალელური დათვლა შეძლებისდაგვარად. ვადევნებდი თვალს შედეგების ოფიციალურ დადასტურებას. ჩემი შეკითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა ხმების პარალელური დათვლის რამე შედეგი, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებისგან?
„როგორც ჩანს, ევროპარლამენტის წევრი, მიხაელ გალერი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განსაკუთრებულად მძაფრი და აბსურდული კრიტიკით გამოირჩევა, არ გააფრთხილეს, რომ საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს უპრეცედენტო მოვლენასთან, რადგან საქართველოში ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ ქვეყნდება.
თავად განსაჯეთ, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც სიმართლის დასადგენად გალერი ცესკო-ს მონაცემების ხმის პარალელური დათვლის მონაცემებთან შედარებას ითხოვს. ამ ფონზე, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, არჩევნებიდან უკვე 24 დღეა გასული და ISFED-ს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია ხმების პარალელური დათვლის მონაცემები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იმ აბსურდული განცხადებების კეთებას, რომ 10 თუ 11 უბანზე რაღაც ბალანსი დაირღვა, ვიღაცამ ვერ დათვალა ქალებისა და კაცების რაოდენობა, რაც არაფერზე გავლენას არ ახდენს, ამ გენდერულ დისბალანსზე აპელირებას სჯობს, ქვეყნის მასშტაბით ხმების პარალელური დათვლის მონაცემები გამოაქვეყნონ. ველოდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.