გუშინ საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აბსურდული განცხადებები, რომლებსაც დამეთანხმებით, რომ ვერც თავი გაუგო ვერავინ და ვერც ბოლო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, თუმცა პასუხი არ გასცა მთავარ კითხვას, რასაც ელოდებოდა საზოგადოება, ნიშნავს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას თუ არა.
„სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ის ასრულებს პრეზიდენტის კონსტიტუციურ ვალდებულებას, მეტი სიცხადისათვის, გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ. თუ სალომე ზურაბიშვილი კვლავ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ შეასრულებს კონსტიტუციაში პირდაპირ გაწერილ საკუთარ მოვალეობას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. შესაბამისად შევიკრიბებით პარლამენტში და შევუდგებით საპარლამენტო საქმიანობას“, – განაცხადა მდინარაძემ.