საქართველო ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და სტანდარტებთან დაახლოებისთვის არის საჭირო, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის კრიტიკული განცხადების შეფასებისას.
მისი განცხადებით, ეს დამოკიდებულება არახალია.
„ბატონი ჰერჩინსკის ელჩობის პერიოდში საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა შემდგომში, ის ყველაზე მეტად იმსახურებდა ამას ობიექტური შეფასებით და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სტატუსი მოგვანიჭეს. მაგრამ ის პერიოდი გამოყენებული იყო გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ საქართველოში მთავრობის გადაყენებისა და ტექნიკური მთავრობის მოყვანის ლოზუნგით გამართული აქციებისათვის.
ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს ჩვენ აქ საქმე. მოგეხსენებათ, რომ კოორდინაცია ამ ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით გარე ჩართულობისა იყო ძალიან დიდი. გამომდინარე აქედან, მათ სჭირდებათ გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ გადაეწყვნენ ახალი ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენ იმიტომ ვუსვამთ ყოველთვის ხაზს, რომ არჩევნების შემდეგ და განსაკუთრებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ თვისობრივად მოხდება გადატვირთვა ურთიერთობებისა ევროკავშირთანაც და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, რომ მათაც სჭირდებათ დრო, არსებული პოლიტიკის კორექტირება მოხდეს”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან ევროკომისიის ანგარიშის შინაარსობრივ მხარეზეც ისაუბრა.
„თუ შინაარსობრივად წავიკითხავთ, თუ რა წერია ევროკომისიის ამ დასკვნაში, ვნახავთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას პროგრესისაკენ. თუ რამეში არის პრობლემა მათი მხრიდან დანახული, ეს რეალურად უკავშირდება პირდაპირ იმ პოლიტიკურად საჯილდაო საკითხებს, რომლებიც მთელი ამ 6 თვის განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდში იყო - ეს არის გამჭვირვალობა და ლგბტ პროპაგანდა.
მთავრობას აქვს ძალიან დიდი სპექტრი ვალდებულებებისა, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებას ეხება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება თანმიმდევრულად პროგრესს აჩვენებს. ზოგიერთ საკითხში ძლიერი, ზოგიერთ საკითხში ზომიერი პროგრესია. რატომ არის ზოგიერთ საკითხში ზომიერი პროგრესი - იმიტომ, რომ ჩვენ რომ უცბად ის რეგულაცია შემოვიტანოთ, რაც ევროკავშირში მოქმედებს, მაგალითად, ჩვენი ეკონომიკის მთელი რიგი დარგები უნდა დახურო, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში. ამიტომ ეტაპობრივად შემოგვაქვს გარკვეული რეგულაცია, რომ ქვეყანამ, ბიზნესმა თუ მეწარმემ შესაბამისი ადაპტაცია მოახერხოს”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური წრეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა იცოდეს გარე დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა.
„ამიტომ აქ ჩვენ საგნობრივი დისკუსია გვექნება. მით უმეტეს, საბაზისოდ გვაქვს არა პოლიტიკური შეფასებები, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, იმ რუსულ კანონში, რომელსაც ჩვენ მიგვაწერეს, რა არის მიუღებელი ევროპული ღირებულებებისათვის და ადამიანის უფლებებისათვის. როგორც აღმოჩნდა, არც ერთი ის პუნქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ იქ მოიტანა როგორც უარყოფითი და მიუღებელი, ჩვენს კანონში არა თუ არ წერია, მსგავსი ცნებებიც კი არ არის.
მეორე თემა არის ლგბტ პროპაგანდის საკითხი. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი მიზეზიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის პროპაგანდის გაღვივება განსაკუთრებით მოზარდ თაობაში და ახალგაზრდობაში არის მიუღებელი.
ფაქტობრივად, საქართველო ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და სტანდარტებთან დაახლოებისთვის არის საჭირო”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.