პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება.
„ბორელს და მილერს უკვე უწევთ განცხადებების კეთება, რომ საქართველოში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა“- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ მტკიცებულებების არქონის გამო, არჩევნების გაყალბებას რადიკალური ოპოზიცია ვერ ამტკიცებს.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, რადიკალებს საკუთარი ამომრჩეველიც საყვედურობს გეგმის არქონის გამო. მისი თქმით, 300-400 ათასი ხმის გაყალბება ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა უბანზე 100-150 ხმა გაყალბდა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ თითოეულ უბანზე ოპოზიციას 6 კომისიის წევრი ჰყავს და 2-3 დამკვირვებელი, თუმცა ვერცერთმა მათგანმა პროკურატურაში წარსადგენი მტკიცებულება ვერ მოიპოვა, ასეთის არარსებობის გამო.
„საკუთარი ამომრჩეველი საყვედურობს ოპოზიციონერებს, რომ გეგმა არ აქვთ. თუ 300-400 ათას ხმაზე ამბობენ რომ გაყალბდა, თანაც ორი მილიონი ადამიანის პირობებში, ეს ნიშნავს, რომ ყველა უბანზე მინიმუმ 100-150 ხმა გაყალბდა. თითოეულ კომისიაში ოპოზიციას ჰყავს 6-ზე მეტი წევრი, 2-3 დამკვირვებელი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც არიან და გამოდის, რომ ოპოზიციიდან 10-15 ათასი ისეთი ადამიანი შეირჩა, საიდანაც ერთიც ვერ აღმოჩნდა იმ უნარის მქონე, რომ მტკიცებულება გამოეტანა გაყალბებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში წარსადგენად. უცხოეთში კარგად ხედავენ ამ ყველაფერს. შემთხვევით არ უთქვამს არც ბორელს და არც სხვებს, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბება გამოსაძიებელია. დაიწყო გამოძიება პროკურატურაში, ახლა მიბრძანდნენ და წაიღონ მტკიცებულებები. სიზმრები, თენგოს ახსნა და აღქმები არ გამოდგება. ამიტომაც უწევთ ბორელს და მილერს განცხადებების კეთება, რომ საქართველოში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა. ეს განცხადებები უკვე სახეზეა. კიდევ ვიმეორებ, სიმართლეს წინ ვერ აღუდგებიან თუ მტკიცებულებები არ ექნებათ. საქართველოში საზოგადოებას რომ ეგრძნო გაყალბება, არავის დაძახება არ დასჭირდებოდათ, თავად გავიდოდა ხალხი და იტყოდა გაყალბდაო, მაგრამ კარგად იცის ყველამ, რომ ისევ აბსოლუტური უმრავლესობით მოვიდა „ქართული ოცნება„“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.