მაკა ბოჭორიშვილი: სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს იმ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტის თანამდებობაც უკავია - ვფიქრობ, ახლა უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს ამას

მაკა ბოჭორიშვილი: სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს იმ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტის თანამდებობაც უკავია - ვფიქრობ, ახლა უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს ამას

[სალომე ზურაბიშვილი] არ აღიარებს იმ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტის თანამდებობაც უკავია - ვფიქრობ, ახლა უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს ამას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის პოზიციას, რომ არჩევნების გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ თანამდებობიდან ადამიანი ისე იქცევა, რომ პირდაპირ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო დააზიანოს.

„ის არ აღიარებს იმ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტის თანამდებობაც უკავია. არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის კონსტიტუციას. ვფიქრობ, ამას ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს და ასევე, ვფიქრობ, ახლა უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს ამას,“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, კამპანია, რომელიც არჩევნების გაყალბების შესახებ დაიწყო, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

„თუკი არსებობს იმ განცხადებების საფუძველი, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ გაეცეს პასუხი. თუ ეს ძალიან მძიმე ბრალდებები არის უსაფუძვლო, მაშინ ამ ადამიანებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რას ემსახურება მათი უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც ცალსახად, საქართველოს ინტერესებს აზიანებს,“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში დღესაა დაბარებული, თუმცა პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.