ტომ იორკი ავსტრალიაში სოლო კონცერტის დროს პალესტინის მომხრე აქტივისტებს დაუპირისპირდა. ამის ამსახველი ვიდეო კონცერტზე მისულმა გულშემატკივარმა გაავრცელა. არტისტი ოთხშაბათს, 30 ოქტომბერს, მელბურნის სცენაზე ავსტრალიასა და აზიაში მიმდინარე სოლო ტურის ფარგლებში იდგა, როცა Radiohead-ის სიმღერის, Karma Police, შესრულება აუდიტორიიდან შეძახილებმა შეაწყვეტინა.
კონცერტზე მისული თაყვანისმცემლების კადრებისა და კომენტარების მიხედვით, იორკის სიმღერისას დარბაზიდან პალესტინის მომხრე აქტივისტებმა ისრაელის საწინააღმდეგო შეძახილები დაიწყეს. სიმღერის გაწყვეტის შემდეგ, არტისტი აქტივისტებს დაუპირისპირდა.
"ამოდი და აქედან თქვი სათქმელი. მშიშარასავით მანდ დგომის ნაცვლად, სცენაზე ამოდი თუ მაგარი ხარ. ყველასთვის საღამოს ჩაშხამება გინდა? კი ბატონო, მაშინ მოგვიანებით გნახავთ" — მიმართა იორკმა ერთ-ერთ პროპალესტინელ აქტივისტს და სცენა მოულოდნელად დატოვა
აღსანიშნავია, რომ იორკს საჯაროდ არაფერი უთქვამს ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომზე, თუმცა Radiohead-ის 2017 წელს ისრაელში გამართულ შოუს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან აქტივისტები მათ აქტიურად მოუწოდებდნენ, კონცერტის გაეუქმებინათ. მოწოდებების მიუხედავად, კონცერტი მაინც ჩატარდა და ზოგმა მას პალესტინელი ხალხის შეურაცხყოფა უწოდა. მოგვიანებით იორკი მოვლენებს გამოეხმაურა:
"ქვეყანაში კონცერტის გამართვა არ ნიშნავს მთავრობის მხარდაჭერას. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ნეთანიაჰუს, ზუსტად ისე როგორც ტრამპს" — განაცხადა იორკმა.