საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არჩევნების შემდეგაც ჰქონდათ შეხვედრა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან, თუმცა, შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს არცერთი ფაქტი არ აქვს დაფიქსირებული.
ამასთან, როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, როდესაც საუბარია ზეწოლის შესაძლო ფაქტებზე, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ მინიმუმ ბოლო 12 წელია ყველა არჩევნებზე არის კამერები განთავსებული.
„ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან არჩევნების შემდეგაც. მას შემდეგ, რაც ანგარიში გამოქვეყნდა, რათა გავრკვეულიყავით რა არის ის მიგნებები იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც ხშირად გვხდება, მათ შორის, საერთაშორისო აქტორების განცხადებაში, როდესაც საუბარია, მაგალითად, მოსყიდვაზე, ზეწოლაზე, ადმინისტრაციულ რესურსზე. ვკითხეთ ეუთო/ოდირს, მათ შორის, რომ რა არის თქვენი მიგნებები ამ სფეროში.
პირველი, შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირს არცერთი ფაქტი არ აქვს დაფიქსირებული. შეგახსენებთ, რომ თუ არ ვცდები 350 დამკვირვებელი ჰყავდა ეუთო/ოდირს. იყვნენ ყველგან და გრძელვადიანი მისია იყო ეს. არ იყო მხოლოდ არჩევნების დღეს. წინასაარჩევნო პროცესი შეფასებული აქვთ. არ აქვთ დაფიქსირებული არჩევნების დღეს რაც შეეხება არცერთი მოსყიდვის ფაქტი და მანამდეც, თავად არცერთი ფაქტი დაფიქსირებული არ აქვთ.
მათ შორის, სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ბრალდებაზე, რომელსაც შემდგომ აიტაცებენ ხოლმე ამას სხვა აქტორები გარეთ, სინამდვილეში რომ ჩავეძიებით, თუნდაც ადგილობრივ ორგანიზაციებს, არცერთი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი ამ მხრივ და მოგახსენეთ კიდევაც, რომ მას შემდეგ, რაც გუშინწინ სკანდალურად გამოვიდნენ „ენჯეო“ ჯგუფი, რომ ავტვირთეთ მთელი მტკიცებულებებიო, ვნახეთ და არცერთი რაიმე დამაჯერებელი ფაქტი მოყვანილი არ არის ან აღწერილი.
მეორე, შესაძლო ზეწოლის ფაქტები. ვკითხეთ ეუთო/ოდირს, რა ხედავენ ისინი, რა შეიძლება იყოს ზეწოლის ხასიათის მატარებელი.
პირველი და ამათზე მათ ისაუბრეს ბრიფინგის დროს, ეს იყო უბანზე არსებული კამერები. ყველას შევახსენებ, რომ მინიმუმ ბოლო 12 წელია ყველა არჩევნებზე არის ეს კამერები განთავსებული, რომელიც არის კანონით დაშვებული, რომ ნებისმიერ სუბიექტს და სხვათა შორის, არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, სხვა სუბიექტებსაც ჰქონდათ განთავსებული. ერთ-ერთი წინა არჩევნები იყო, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ყალბი „ენჯეოს“ მეშვეობით ჰქონდათ ასევე კამერები განთავსებული. რა არის მიზანი და მათ, შორის, რატომ არის ჩვენს ინტერესში, „ქართული ოცნების“ ინტერესში, რომ კამერები იყოს განთავსებული. ზუსტად აი ეს სპეკულაციები, რომელიც შემდეგ არის უბანში, ჩაყრა თუ ა.შ. იყოს აღბეჭდილი და ვისაც სურვილი აქვს შემდეგ, შეგვიძლია მივაწოდოთ და ნახავენ რა არის აღბეჭდილი ან რა არ არის აღბეჭდილი. ამიტომ, ეს კანონით დაშვებული საკითხია, რომელიც, მათ შორის, შევახსენებ ყველას, რომ 2021 წელს ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ კამერები ვათხოვეთ კიდევაც ცესკოს ოპოზიციის მოთხოვნით. მაშინ განიხილებოდა, თუ გახსოვთ 2021 წლის არჩევნებში დათვლის დროს, ვინაიდან ჯერ არ იყო შემოსული ელექტრონული მთვლელები, კამერების წინ ითვლიდნენ ბიულეტენებს და ყოველ ბიულეტენს აჩვენებდნენ რა ნომერია შემოხაზული და ასე დაფიქსირდა. ვიდეო ფიქსირება იყო ყველა ბიულეტენის. მაშინ დადგა საკითხი, რომ ამას ტექნიკური აღჭურვა სჭირდებოდა, რასაც ფინანსები ჭირდებოდა და ვინაიდან ჩვენ გვქონდა უკვე ეს კამერები, რომლებსაც ყოველ არჩევნებზე ვათავსებთ იმისთვის, რომ იყოს ყველაფრის მტკიცებულებები, მაშინ ოპოზიციის თხოვნით ვათხოვეთ ცესკოს და იყო უბნებზე განთავსებული. ამიტომ, ეს არავისთვის სიახლე არ არის. ყველა არჩევნები ასე ჩატარდა. ყველა არცევებზე კამერები იყო, მათ შორის, კანონით არის დადგენილი როგორ უნდა იდგეს ეს კამერა და ზუსტად ასე არის განთავსებული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.