ბენ კარდინი პრანკერებთან საუბარში დაეთანხმა მოსაზრებას, რომ დასავლეთმა საქართველოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება უნდა აიძულოს

ბენ კარდინი პრანკერებთან საუბარში დაეთანხმა მოსაზრებას, რომ დასავლეთმა საქართველოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება უნდა აიძულოს

სენატორი ბენ კარდინი ცნობილი რუსი პრანკერების, ვოვანის და ლექსუსის მახეში მოხვდა. პრანკერებმა მისი საუბრის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს. ამერიკის სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ესაუბრებოდა. საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო. ბენ კარდინმა უკმაყოფილება გამოთქვა, მისი აღქმით, საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილების გამო. პრანკერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთმა საქართველოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება უნდა აიძულოს, ის დაეთანხმა.

„ვფიქრობ, რუსეთი უყოყმანოდ შევა მოლდოვასა და საქართველოში. პოლონეთის შემთხვევაში დაფიქრდებოდა ნატოს გამო. მოლდოვასა და საქართველოში კი შევლენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თქვენ თქვენს სუვერენიტეტს ვერ დაიცავთ. თქვენი სუვერენიტეტის დაცვა ევროპის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვის ყველაზე მყარი გზაა. ამიტომ ვთვლი, რომ პუტინს არ უნდა ვუსმინოთ და უნდა მოგცეთ თავის დაცვის და რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურების უფლება“, - განაცადა სენატორმა.

შემდეგ პრანკერმა უთხრა: „ვფიქრობ, საქართველო ნივთია პუტინის მაგიდაზე, ასე რომ ეს პრობლემაა ჩვენთვის“. ამ რეპლიკას კარდინი პასუხობს:

„საქართველო არასწორ გზას დაადგა. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ქვეყანა, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მოულოდნელად რუსეთისადმი სიმპათიით განეწყო. ჩვენ კარგად ვიცნობთ ქართველ ხალხს, მის მისწრაფებას დამოუკიდებლობისა, სუვერენიტეტისა და თავისუფლებისკენ, მაგრამ ტენდენცია, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, შემაშფოთებელია“, - განაცხადა კარდინმა.

პრანკერების რეპლიკას: „ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება და საქართველო ზურგს გვაქცევს“ სენატორმა ასე უპასუხა: „გეთანხმებით“.