როდესაც ამბობ, რომ სახელმწიფოს მეთაური ხარ, შენ თუ არ ითანამშრომლე სამართალდამცავ სისტემასთან, მკითხავებს ჩვენ ვერ დავიქირავებთ, რომ გავიგოთ საიდან გაქვს ის ინფორმაცია, რომელმაც მოგცა საშუალება ასეთი მწარე დასკვნის გაკეთების, - განაცხადა დეპუტატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ არჩევნებში დარღვევები საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს, რასაც ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს.
„ახლა ამერიკაში რომ დაიწვა საარჩევნო ყუთები, მათ შორის იმ შტატში, სადაც ტრამპს ჰქონდა მხარდაჭერა, რა ვქნათ ახლა, ჩვენ ჩავიდეთ და ჩავატაროთ გამოძიება?! ეს იმ ქვეყნის გამოსაძიებელია, სადაც მოხდა შემთხვევა. აქაც [საქართველოში] თუ არსებობს რაიმე კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს და გაეცემა კიდეც. იცით ჩვენი ხელმძღვანელობის მიდგომა, რომ აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არაა გამოძიების. მეტსაც გეტყვით, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
მე როდესაც გახლდით მინისტრი, ძალიან ბევრი პოსტი მხვდებოდა სოციალურ ქსელებში, რომ სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს სცემდნენ. დავიწყე კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიება. ვიბარებდით პოსტის ავტორებს და შემდეგ იწყებდნენ საუბარს იმაზე, რომ ინფორმაცია კი არ ჰქონდათ, ბებიაჩემის დაქალმა თქვა, ასე გავიგეო და იგონებდნენ რაღაცებს. საბოლოოდ მსგავსი პოსტები შეწყდა. დღეს რომ აცხადებს ოპოზიცია, რომ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლააო, საიდანაა ზეწოლა, პროკურატურა ხომ არ ედავება, შენ გააყალბე არჩევნებიო?! პროკურატურა ეუბნება, მოდი მოწმის სახით და რასაც ტელევიზორში აცხადებდი, მოდი და დაწერეო.
როდესაც ამბობ, რომ სახელმწიფოს მეთაური ხარ, შენ თუ არ ითანამშრომლე სამართალდამცავ სისტემასთან, მკითხავებს ჩვენ ვერ დავიქირავებთ, რომ გავიგოთ საიდან გაქვს ის [არჩევნების გაყალბებაზე] ინფორმაცია, რომელმაც მოგცა საშუალება ასეთი მწარე დასკვნის გაკეთების. თუ სამართალდამცავები შენი თანამშრომლობის შედეგად მერე არ გამოიძიებენ და თვალს დახუჭავენ, კი ბატონო, მერე გააკეთე განცხადებები, მაგრამ თუ მასმედიის საშუალებით აცხადებ, ექვს პრეზიდენტს ურეკავ და ეუბნები, რა პრობლემა გახდა პროკურატურაში მისვლა?! არ გინდა პროკურატურაში მისვლა? პროკურორი მოვა შენთან. ამაში თუ ვინმე პრობლემას ხედავს, მაშინ აცაბაცა ნალაპარაკევია და ჭორების დონეზე. არაფერი აქვთ“, - აღნიშნა კახიშვილმა.