„არც ერთ ქვეყანას მკაფიოდ არ განუცხადებია მზაობა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა შეწყვიტოს, თავისი ელჩი გაიწვიოს, სანქციები დაგვაკისროს და ა.შ. მხოლოდ სიტუაციის მოთელვა მიდის განცხადებებით და ეს ყველაფერი მკვეთრად შეიძლება შეიცვალოს 6 ნოემბერს - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველო გაიმარჯვებს ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება და სწორედ ამიტომ ებრძვიან საქართველოს, რომ მსგავსმა პრეცედენტმა არ იარსებოს.
„ჯერ კიდევ შარშან, ევროკავშირში შემავალი 27 ქვეყნიდან, 22 ქვეყანა 5-ზე იყო იმ ანტისახელისუფლებო, ანტიქართული განწყობის მქონე სახელმწიფოთა ოდენობა. დღეს კი 14 ქვეყანა 13-ზეა მხოლოდ. ფაქტობრივად, დღეს მხოლოდ 13 ქვეყანა აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, 14 ქვეყანა კი ამისგან თავს იკავებს. ამ 13-შიც არსებობენ ისეთი ქვეყნები, მაგალითად, პოლონეთი, რომლის შიგნითაც მკვეთრი პოლარიზაციაა - პრემიერს და პრეზიდენტს სხვადასხვა იდეოლოგიური პოზიცია აქვთ. იგივე ხდება ხორვატიაში. მაგალითად, პოლონეთის საგარეო უწყებამ ჩვენს მიმართ რაღაც აღშფოთება და შეშფოთება რომ გამოხატა, ამ ფონზე, პოლონეთის პრეზიდენტმა გულწრფელად თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს ველაპარაკე და არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიყვანაო.
საქართველოს მთელი მსოფლიო და მით უმეტეს, ევროკავშირი აკვირდება - თუ ჩვენ გამოგვივიდა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა, თუ ამ წნეხის მიუხედავად ნეოკოლონიზაციის ორბიტაზე მაინც ვერ შეგვათრევენ, ეს იქნება დიდი მაგალითი სხვებისთვის და ამ მაგალითის დაშვება არ უნდათ საქართველოს სახით. ამიტომაც გვებრძვიან ასეთი გაშმაგებით. იმიტომ, რომ თუ საქართველოს გამოუვა, ეს ევროკავშირის ძალიან ბევრი წევრი ქვეყნისთვის სტიმული იქნება. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ მტკიცედ. მართლა ვერავინ ვერ მოგვერევა - ჩვენი დამარცხება ჩვენს პირად, ინდივიდუალურ სისუსტეზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ ინდივიდუალურად მაგრები ვიქნებით, „ქართული ოცნება“ და მისი მილიონნახევარი ამომრჩეველი ისეთი ძალა იქნება, რომელსაც უბრალოდ ვერ გააქრობ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.