პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალური ოპოზიციის დასავლელ პარტნიორების განცხადებებსა და ქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„დიდი ალბათობით, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასების განცხადება - ბლინკენისთვის "გედის სიმღერა" და უკანასკნელი აღშფოთებული შეშფოთება იქნება“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ აშშ-ში ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის პროცენტული თანაფარდობა 49/46 არის.
ანალიტიკოსი ლიეტუველი პოლიტიკოსის გაბრიელიუს ლანდსბერგისის მიერ თანამდებობის დატოვებასაც ეხმიანება. დავით ქართველიშვილის თქმით, ლიეტუველმა პოლიტიკოსმა თანამდებობა არჩევნების წაგების შემდეგ დატოვა და განმარტა, რომ ამომრჩევლის მკაფიო სიგნალს შეეგუა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ლანდსბერგისის მსგავსად, ამომრჩევლის გადაწყვეტილებასთან შეგუება მოუწევთ სხვა უცხოელ პოლიტიკოსებსაც.
„მოკლედ, ყველამ თავის "მსუბუქი ყოფაქცევის ახლო ნათესავს" მიხედოს. უკანასკნელი რეიტინგებით, ტრამპსა და ბლინკენის ხელმძღვანელს შორის პროცენტული თანაფარდობა 49 46-თან არის. დიდი ალბათობით, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასების განცხადება - ბლინკენისთვის "გედის სიმღერა" და უკანასკნელი აღშფოთებული შეშფოთება იქნება.
მეორე შეშფოთებულად აღშფოთებულიც წამოეწია ამ ამბებს. გახსოვთ ალბათ, ევროკავშირის სამი წევრი ქვეყნის საგარეო უწყებების მინისტერიალი, "მაიდანის" თემაზე, რუსთაველის გამზირზე? ამ მინისტრებიდან ერთ-ერთმა და ყველაზე ანტიქართულად აგრესიულმა ლიეტუველმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დღეს დატოვა თავისი პოსტი, დატოვა საკუთარი პარტიის "სამშობლოს კავშირის - ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის პოზიცია, უარი განაცხადა დეპუტატის მანდატზე, მას შემდეგ, რაც მისი პარტია დამარცხდა გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში. საკუთარი გადაწყვეტილება მან განმარტა განცხადებით: "მე შევეგუე ამომრჩევლების მკაფიო სიგნალს".
ასეთ მკაფიო სიგნალთან შეგუება მოუწევს იმ მინისტერიალის დანარჩენ მინისტრებსაც, მოუწევს ბლინკენსაც. საქართველოს ისტორიაში ჩვენზე იმდენმა ისტორიულად მნიშვნელოვანმა პიროვნებამ და იმპერიამ მოიტეხა კბილი, რომ მათთან შედარებით ამ გვარების მოყვანა უხერხულიც კი არის. მოთმინება, კანონის ფარგლებში სახელმწიფო მანქანის პრინციპულობა და საუკუნოვან შეკითხვას: "ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!" - მკაფიო პასუხი გაეცემა,“- წერს დავით ქართველიშვილი.