არჩევნები კარგად, შესანიშნავად მიდის, ხმის მიცემის უფლება ყველას აქვს, ვისაც ხმის მიცემა სურს, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა გერმანიიდან, ულრიხ სინგერმა განაცხადა, რომელიც მარნეულში იმყოფება და საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.
მისი განცხადებით, რაიმე სახის დარღვევაზე არ აქვს ინფორმაცია და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„ერთი ადამიანი არასწორად იმყოფებოდა, ვინაიდან მისი პირადობის მოწმობა სხვა რაიონის ეკუთვნოდა, ამიტომ გაგზავნეს შესაბამის უბანზე და ეს სწორი ქმედება იყო, რადგან, ხმის მიცემა შეგიძლიათ მხოლოდ იქ, სადაც ცხოვრობთ.
ვერ დავინახე რაიმე სახის დარღვევა და არც არაფერი შეუტყობინებიათ, ყველაფერი მშვიდად იყო. ვცდილობ, დიდი ხნით ვიყო და ისე დავაგროვო შთაბეჭდილება. ხანდახან თითქმის არავინ იყო უბანზე, მაგრამ შუადღისას უამრავი ხალხი მოვიდა. ვფიქრობ უკვე 70%-ზე მეტმა ხმა მისცა და ჯერ საღამოც არ არის, ამიტომ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოვა.“ - განაცხადა სინგერმა.