რაც შეეხება დარღვევებს, სასაცილოა რაზეც აკეთებენ აქცენტებს, - ასეთია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და თბილისის მერის კახა კალაძის შეფასება, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების განცხადებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საჩივრების შინაარსი, რომელსაც ოპოზიცია წერს საარჩევნო კომისიაში სასაცილოა.
„მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო, საჩივარი დაწერილი იყო, რომ თითქოს ერთმა დამკვირვებელმა მეორე დამკვირვებელი გადაკოცნა, ვიღაცამ თვალი ჩაუკრა, ვიღაცა ვიღაცას მიესალმა. წარმოუდგენელია. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, სიყალბე და სურვილი აქვთ უბრალოდ, რომ არანაირ საფუძველზე დაყრდნობილი მონაცემებით დაწერონ საჩივრები და რაც შეიძლება მეტი იყოს საჩივრები. შინაარსში, რომ შევიდეთ ამ საჩივრების სასაცილოა.
ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს დარჩენიათ, არის მცდელობა იმისა რომ აღნიშნულ არჩევნებს რაიმე ზიანი მიაყენონ. მაგრამ არ გამოუვათ. იმიტომ, რომ მთელი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ყველა პარტიას ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა მისი საარჩევნო კამპანია, შეხვედროდა მოსახლეობას, მოქალაქეებს თუმცა ბევრს ეს არ გაუკეთებია და ამასაც აქვს თავისი ახსნა, წარსულიდან გამომდინარე მათ უბრალოდ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ. უბრალოდ, როგორ უნდა მივიდეს გვარამია ან „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ქვეყნის მოქალაქესთან და უთხრას, რომ ხმა მომეცი და მხარი დამიჭირე, როდესაც აუბედურებდნენ ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.