მამუკა მდინარაძე: თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სქემაში მიიღებს მონაწილეობას

მამუკა მდინარაძე: თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სქემაში მიიღებს მონაწილეობას

თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სქემაში მიიღებს მონაწილეობას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, მარნეულშია გადაღებული და რომელშიც საარჩევნო ურნაში ბიულეტენების ჩაყრაა ასახული.

„თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, ჩვენ ამის მოკვლევას კიდევ ვატარებთ, თუ ეს კადრები ნამდვილია, პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ჩვენი იქნება თუ სხვისი, არ აქვს მნიშვნელობა, დაისჯება უმკაცრესად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სქემაში მიიღებს მონაწილეობას.

წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი, ერთ მეტრში კამერა უღებდეს და უბანზე, სადაც არ არის ელექტრონული არჩევნები, ყრიდეს ბიულეტენებს. შეუძლებელია, რომ ვერ ხედავდეს [რომ იღებენ]. ანუ ეს არის სპეციალურად გაკეთებული. სამწუხაროდ, თუ ეს კადრები ნამდვილია და ახალია, იქ მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი საარჩევნო უბანზე და იმის გამო, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე მოუწოდა ყველას, მსგავს სპექტაკლებში არ მიიღონ მონაწილეობა.

„ვერავინ ვერ შეუქმნის ასეთი დადგმული სპექტაკლებით, რომელშიც სამწუხაროდ, იღებს ადამიანი მონაწილეობას, რომელმაც ჩაიდინა პირდაპირ მავნებლობა საქართველოს სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური წყობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ, შესაბამისად პირობას ვაძლევთ ყველას და დარწმუნებული ვარ ეს იქნება დამოკიდებულება სამართალდამცველების და სამართალდამცავი ორგანოების - დაისჯება უმკაცრესად ყველა. ეს ის ადამიანი იქნება თუ ყველა სხვა, ვინც კიდევ მომავალში დღის განმავლობაში ამას მოიფიქრებს იმიტომ, რომ ეს არის საბოტაჟი პირდაპირი გაგებით.

აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც კიდევ შეიძლება ჰქონდეს განზრახული ასეთ სპექტაკლებში, ასეთ სიბინძურეში, მდაბიო ფეიქების დადგმაში, მოვუწოდებ და მიაწვდინეთ ყველას ხმა, ვინც არ არის ტელევიზორთან, ვინც არ არის სოციალურ ქსელთან გაავრცელეთ მაქსიმალურად, ყველას ვთხოვ, ეს ინფორმაცია, მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, რომ მიაწვდინონ ყველას ხმა, რომ თუ მსგავს დანაშაულში ხაზგასმით ვამბობ - დანაშაულში მიიღებენ მონაწილეობას, მათი დამცველი არ იქნება არავინ და მით უმეტეს არც ჩვენ, ისინი დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით!”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე გაიხსენა, რომ აღნიშნული სქემის შესახებ მან საზოგადოება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგებზე გააფრთხილა.

„რამდენიმე დღის წინ მე ჩავატარე ბრიფინგი მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პუნქტი, რაც მაშინ საზოგადოებას წინასწარ მოვუყევი, იყო გავრცელებული ინფორმაცია , რომელიც მოდიოდა „ნაცმოძრაობიდან“, რომ ისინი აპირებდნენ ადამიანების მოსყიდვას საიმისოდ, რომ შემდეგ მომხდარიყო ვიდეოკადრების გავრცელება. ანუ სქემა იყო ასეთი, რომ უნდა მოეძებნათ ვინმე „ქართული ოცნების“ რიგებში , ვისაც გადაუხდიდნენ ფულს და თქვენ შეგიძლიათ, ეს კადრები ამოიღოთ, რომელიც შემდეგ სხვას დაარწმუნებდა ან თვითონ გააკეთებდა ამას, რომ ჩაყრიდა ან შეაცურებდა ბიულეტენებს საარჩევნო ურნაში ან ელექტრონულ აპარატში. ამას შემდეგ გადაიღებდა ვინმე კვლავ „ნაცმოძრაობიდან“, ეს ვიდეოკადრები გავრცელდებოდა და იქნებოდა ასეთი პროვოკაცია დადგმული. ერთი ერთში, როგორც იმ დღეს ვილაპარაკე, დადასტურდა“, - განაცხადა მდინარაძემ.