„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება
"დღეს არის მოგეხსენებათ ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ტარდება ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. ძალიან მოხარული ვართ, რომ დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. 320 ათასზე მეტი ამომრჩეველი უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და იმოქმედა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით, გააკეთა საკუთარი არჩევანი და თითოეულ ამომრჩეველს რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ანალოგიურად მაღალი აქტივობა დაფიქსირდება მომდევნო საათების განმავლობაშიც. მე ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საგანგებოდ ჩვენი პარტიის აქტივისტებს, მხარდამჭერებს ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მობილიზაცია არის პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა, მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლის მობილიზაციაზე ზრუნვას იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს დღეს საკუთარი არჩევანი.
მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში და იმედი გვაქვს, რომ ასევე გაგრძელდება საარჩევნო პროცესები მთელი დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ხშირად ასეთი რამ. ასევე, იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, მათ შორის, ამომრჩეველს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ საკუთარ პირად ავტომობილში ყოფილიყო მშვიდად და განეხორციელებინა ის საქმიანობა, რისი განხორციელების უფლებაც მას აქვს კანონის შესაბამისად.
ჩვენ გვესმის, რომ მაღალი აქტივობა აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, მათ მედიასაშუალებებს, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამომრჩევლისთვის ხელის შეშლა და ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, ეწინააღმდეგება პრინციპებს და ყველას მოვუწოდებ, რომ უზრუნველყონ მშვიდი საარჩევნო გარემო მთელი დღის განმავლობაში. ზოგადად, ყველა სუბიექტს, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, მედიასაშუალება თუ ნებისმიერი სხვა, რიგითი მოქალაქეები, ყველას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ამ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვაქვს ვებგვერდი შექმნილი, რომელსაც ეწოდება shedegebi.ge. ამ ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით. მთელი დღის განმავლობაში განახლდება აქტივობის მონაცემები და ეს მონაცემები იქნება ჩაშლილი თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით. 8 საათიდან ამ ვებგვერდზე მოცემული იქნება ასევე ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია დაეფუძნება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ, ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს. უკვე 8 საათიდან შესაბამისი ინფორმაცია აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე.“
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, სადაც წყდება ის, თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, შევძლებთ ჩვენ მშვიდობის შენარჩუნებას თუ წავა პროცესები იმ სცენარით, რა სცენარითაც გვთავაზობდა მოვლენების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია.
ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, რომ უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა - მივიღოთ არამხოლოდ უბრალოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი სურვილია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, დღევანდელი აქტივობის მონაცემებიც ამაზე მეტყველებს, რომ აბსოლუტურად რეალურია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის ხმა, მნიშვნელოვანია მაღალი აქტივობა იმისათვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იქნება ყველაზე მყარი გარანტია ქვეყნის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარებისთვის".