მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი: ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა.
როგორც მან აღნიშნა, წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას აქვს გამოკვეთილი ინტერესები, რომელსაც მყისვე დაავალებს აგენტურას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გამარჯვება მოახერხა. ეს ინტერესი კი საქართველოს ომში ჩართვას გულისხმობს.
„წლევანდელი არჩევნები და დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია, იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს სამწუხაროდ პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს.
გარდა ამისა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისაგან, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, არ იქნება ასეთი სიძულვილის ენა, არ იქნება ასეთი პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსების ზრუნავს და ცდილობს ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს და გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, რომელიც ემსახურება უცხო ქვეყანას, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას და ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენს სამეზობლოში სამწუხაროდ მიმდინარეობს.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.