ყველაზე ევროპული ძალა ამ ქვეყანაში არის სწორედ „ქართული ოცნება", რაც მთავარია, ყველაზე ქართული და ერთადერთი ქართული ძალა ქართულ პოლიტიკაში არის „ქართული ოცნება", რომელიც ზრუნავდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „არჩევანის პირისპირ" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რათა განაგრძოს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით.
„2012 წლამდე რეალურად იყო უმძიმესი რეჟიმი, ქვეყანაში შექმნილი ავტორიტარიზმი, რომელიც შეეხო ასი ათასობით ადამიანს. სამასი ათასი მარტო პრობაციონერი ჰყავდათ ამ ქვეყანაში, პატიმრობა გამოიარა ათი ათასობით ადამიანმა. უამრავ ადამიანს უშუალოდ შეეხნენ, ათი ათასობით ბიზნესმენი, რომელთა მიმართაც რეკეტი განხორციელდა, 400 ადამიანი მარტო ომში დაიღუპა, 30 ათასი დევნილად იქცა ცხინვალიდან 2008 წლის ომის შემდეგ. ეს ყველაფერი შეეხო ასი ათასობით ადამიანს. რითაც იწონებდნენ თავს, ისიც გაირკვა, რომ ყოფილა სიყალბე. ეკონომიკა მათ დროს იყო 28 მილიარდი, ბიუჯეტი იყო 8,5 მილიარდი, გზები დააგეს 68 კილომეტრი და ამით იწონებდნენ თავს, როცა ჩვენი ხელისუფლების პირობებში 32 კილომეტრი მარტო გვირაბი ავაშენეთ და 22 კილომეტრი მარტო ხიდები ავაშენეთ, რიკოთს ვგულისხმობ. ქვეყნის მასშტაბით რომ ავიღოთ სამუშაოები, 40 კილომეტრზე მეტია გვირაბების სიგრძე და შესაბამისად, მეტია ხიდების სიგრძე. ქვეყანა, ხალხი ჰყავდათ უმძიმეს მდგომარეობაში და ახლა ამ ადამიანებს სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს არის „ნაცმოძრაობა", „ნაცმოძრაობა 2" გვარამიას პარტია. გადახედეთ მათ ლიდერებს, არის კაცი, რომელიც აღიარებდა, რომ იცოდა, რაც ხდებოდა ციხეებში და ხმას არ იღებდა ამასთან დაკავშირებით. გვარამიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია კაცი, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის წმინდა არ არის არც საკუთარი დედა და მამა, არც პატრიარქი, არც ეკლესია და არც სამშობლო. არაფერი მისთვის წმინდა არ არსებობს. ამას რომ ხმას აძლევ, ეს ნიშნავს, რომ შენც იზიარებ ამ ღირებულებებს. არის მათი ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ვითომ არის მთავარი ანტირუსი ამ ქვეყანაში და დღემდე რუსულ რუბლებზე ცხოვრობს, რომელიც მას რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან ერიცხება. ამ დონის ფარსზე გვაქვს საუბარი. არის ხაზარაძე, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა ბიზნესის რეკეტის საქმეებში წინა ხელისუფლების პირობებში და მის გემოვნებაზე აღარ მინდა საუბარი. როცა პარტიაში გყავს სამადაშვილი, ნაცვლიშვილი, ბუაძე და ასეთი ოდიოზური პიროვნებები. კაცი „თიბისის" მფლობელი იყო წლების განმავლობაში, ბანკში შეხვიდოდი, ნორმალური სახეები გხვდებოდა, აქედან ხომ მაინც უნდა აიღო მაგალითი, მაგრამ როცა გემოვნება არ გაქვს, კადრებსაც შესაბამისს არჩევ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას არავითარი შანსი არ აქვს, რომ გადალახოს ბარიერი.
„შეგახსენებთ მის დანაშაულებს, რაც უკავშირდებოდა მესტიას, პანკისის ხეობას, ბასიანის, 20 ივნისის სპეცოპერაციას, ჩორჩანას, ყველაფერი დევს ხელის გულზე. შესაბამისად, სად არის ევროპა, სად არ არის ევროპა, სად არის ქართული ძალა, სად არ არის ქართული ძალა, ეს ყველაფერი დევს ხელის გულზე. ყველაზე არაევროპული სახეები თუ სადმე არის ამ ქვეყანაში, ეს არის სწორედ რადიკალურ ოპოზიციაში, რაც თავადაც კარგად იციან. მათ გამართეს ერთადერთი მასობრივი აქცია თავისუფლების მოედანზე ყველამ ერთად, ეს იყო ერთადერთი შეკრება, რომელიც გამართა რადიკალურმა ოპოზიციამ ერთობლიობაში, ვერც ერთმა ლიდერმა ვერ გაბედა სცენაზე ასვლა. ოპოზიციის მხარდაჭერებთანაც კი ვერ გავიდნენ, იმდენად იციან, რომ რეპუტაცია აქვთ შელახული. ეს არის ანტიევროპა, ეს სახეები გვიმტკიცებენ, თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. ჩვენ არ გვეღირსება ევროპა. ყველაზე ანტიევროპული ძალები არიან ესენი. ყველაზე ევროპული ძალა ამ ქვეყანაში არის სწორედ „ქართული ოცნება" და რაც მთავარია, ყველაზე ქართული ძალა და ერთადერთი ქართული ძალა ქართულ პოლიტიკაში არის „ქართული ოცნება", რომელიც ზრუნავდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, ღირსების დაცვაზე და ამასთან ერთად ქვეყანას მოუტანა წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის, მოუტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ყველა მიმართულებით აუცილებლად გაგრძელდება წინსვლა, ამის ერთადერთი გარანტი და მშვიდობის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება", მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.