როდესაც გაიმართა ოპოზიციის ერთადერთი აქცია, სადაც იმედი ჰქონდათ, რომ გაავსებდნენ თავისუფლების მოედანს და ვერ გააკეთეს ეს, ამ აქციის ორგანიზატორებიც და დონორებიც იყვნენ ენჯეოები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რაც პირდაპირ დარღვევაა საარჩევნო პრინციპების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „არჩევანის პირისპირ" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ენჯეოებმა თვითონ განაცხადეს საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების თაობაზე.
„რაც შეეხება ენჯეოებს, მიუხედავად იმისა, რომ ენჯეოები ყოველთვის იყვნენ პოლიტიკურად მიკერძოებულები, ისინი ერიდებოდნენ მაინც თვითლუსტრაციას, თუმცა ყველაფერი შეიცვალა. ყველაზე მკვეთრად 2022 წლის ივნისში, როდესაც კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შემდეგ ისინი პირდაპირ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მოითხოვეს მათი მონაწილეობით ახალი, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირება. მას შემდეგ ეს ენჯეოები, საუბარია ყველაზე მსხვილ ენჯეოებზე, პირდაპირ მონაწილეობენ კამპანიაში ხელისუფლების წინააღმდეგ და ისინი ახლა უშუალოდ არიან ჩართულები საარჩევნო კამპანიაში. როდესაც გაიმართა ოპოზიციის ერთადერთი აქცია, სადაც იმედი ჰქონდათ, რომ გაავსებდნენ თავისუფლების მოედანს და ვერ გააკეთეს ეს, ამ აქციის ორგანიზატორებიც და დონორებიც იყვნენ ენჯეოები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რაც პირდაპირ დარღვევაა საარჩევნო პრინციპების, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, აშკარად სახეზეა ის, რომ ენჯეოებმა თვითონ განაცხადეს საკუთარი პოლიტიკური და უფრო მეტიც, საარჩევნო მიზნების თაობაზე. ისინი პირდაპირ უკავშირებენ თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას, თუმცა მათ თავად აქვთ ისეთი რეპუტაციული ზიანი მიღებული, რომ ჩვენთვის არავითარი ზიანის მოტანა არ შეუძლიათ ამ არჩევნებზე", - განაცხადა პრემიერმა
მისი თქმით, ისინი ვერ შეეგუებიან არჩევნების შედეგებს, თუმცა, მათ არ აქვთ რესურსი, რომ არიონ ქვეყანა.
„რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, მე არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული რესურსი ჰქონდეთ ამ ძალებს. ისინი ვერ შეეგუებიან არჩევნების შედეგებს, თუმცა, მათ არ აქვთ რესურსი, რომ არიონ ეს ქვეყანა. ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი, ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, მარტში, აპრილში და მაისში მათ მოუწიათ წინასწარ იმ ტყვიების დახარჯვა, რომელიც ჰქონდათ გამზადებული ამ საშემოდგომო პერიოდისათვის. აქედან გამომდინარე, მათი რესურსი აბსოლუტურად სუსტია. სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, იდგა თავის ადგილზე მარტში, აპრილში და მაისში, როდესაც იყო რევოლუციური მცდელობა და პირველ რიგში, სამართალდამცავი უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე, როცა არის დასაცავი ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები. შესაბამისად, მცდელობა აუცილებლად ექნებათ, ვერ შეეგუებიან მძიმე მარცხს, თან ეს მარცხი იქნება ძალიან მძიმე მათთვის, თუმცა მათი მცდელობა იქნება განწირული წარუმატებლობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.