"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიმართვას, მოქალაქეებს წინასაარჩევნო პერიოდში გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის და არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ზუკა რურუას განცხადებით, დღევანდელი ვითარება მსოფლიოსა და რეგიონში აჩვენებს, რომ მშვიდობა ფასდაუდებელია, მხოლოდ მშვიდობიან გარემოში ხდება შენება, წინსვლა და განვითარება , ამ ყველაფრის გარანტი კი მხოლოდ „ქართული ოცნებაა”.
„ ხვალ 26 ოქტომბერია – არჩევნების დღე! მინდა მოკლედ შევაჯამო გასული წინასაარჩევნო პერიოდი და ყურადღება გავამახვილო მნიშვნელოვან საკითხებზე.
პირველ რიგში, დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს, გვისმენდა და თანადგომა გამოხატა ჩვენი გუნდის მიმართ.
ასევე, მადლობა საკუთარი აზრის გამოხატვისთვის და ჩვენთვის გაზიარებისთვის, ეს ყველაფერი გვმატებს ძალას და შემართებას კიდევ უფრო მეტად
დავიხარჯოთ, მოგისმინოთ, თქვენი აზრი გავითვალისწინოთ.
დღევანდელი ვითარება მსოფლიოსა და რეგიონში გვაჩვენებს, რომ მშვიდობა ფასდაუდებელია! მხოლოდ მშვიდობიან გარემოში ხდება შენება, წინსვლა და განვითარება – ამ ყველაფრის გარანტი კი მხოლოდ „ქართული ოცნებაა”!
მე მჯერა ჩვენი საზოგადოების და ვფიქრობ, რომ ხვალ ყველა ერთად არჩევანს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის სასარგებლოდ გავაკეთებთ!“- განაცხადა ზუკა რურუამ.