ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებას, სახელმწიფო თანხების მითვისების შესახებ, ცილისწამებასა და ტყუილს უწოდებს. მისი განცხადებით, ბაჩიაშვილისგან მსგავსი ქმედება მოსალოდნელი იყო.
„ეს ალბათ მიზნად ისახავს იმას, რომ ჩემი მარწმუნებლის ინტერესები დააზიანოს. ჩემი მარწმუნებელი დღეს პოლიტიკაში იმყოფება, საზოგადოებრივთან ერთად პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწევა.
რა თქმა უნდა, ამას ბუნებაში ადგილი არ ჰქონია, ეს ცილისწამებაა, ტყუილია იმ მიზნით, რომ მოახდინოს დისკრედიტაცია ჩემი მარწმუნებლის, მოახდინოს გავლენა ამით ალბათ, გარკვეულწილად პოლიტიკურ პროცესებზე და საბოლოოდ მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს პასუხისმგებლობის თავიდან აცილების თვალსაზრისით.
მიზანი მარტივია - უბრალოდ, გაცხადდეს ეს სატელეკომუნიკაციო სივრცეში, გავრცელდეს და რამდენად მართალია და რამდენად ტყუილი, ალბათ ეს უკვე მეორეხარისხოვანია ბატონი ბაჩიაშვილისთვის“, - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.
გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებას სახელმწიფო თანხების მითვისების შესახებ, დღეს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორმა, დავით გალუაშვილმა უპასუხა. ის სვამს კითხვას, თუ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტის შესახებ იყო ცნობილი, რატომ დამალა ამ ხნის მანძილზე და მხოლოდ არჩევნების წინ რატომ გაამჟღავნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პასუხისთვის დრო აღარ რჩება.