სელინ დიონი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე სიმღერის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მომღერალმა ყოველწლიურ, იმედის ქალაქის მიერ ორგანიზებულ, დაჯილდოების ცერემონიალზე ჯეი მარჩიანოს ჯილდო გადასცა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. იმედის ქალაქი ბიოსამედიცინო მკურნალობის ცენტრია, რომელიც კიბოთი და დიაბეტით დაავადებული ადამიანებს ეხმარება. ორგანიზაციის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ მათი ყოველწლიური კამპანიის მიზანია, შეკრიბოს ხელოვანები ამ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მისიის მხარდაჭერად.
სელინ დიონმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დიდი გამოწვევის დროს იმედისა და პოზიტივის შენარჩუნება.
"ცხოვრება სიყვარულითა და ბედნიერებითაა სავსე, მაგრამ ხანდახან განსაცდელს ვხვდებით და ეს კანონზომიერია, ერთგვარი, ძალისა და რწმენის გამოცდაა. ბევრი თქვენგანი, ვისაც მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია, დამეთანხმება, რამხელა ბედნიერებაა აქ ყოფნა, რადგან ვიცით, ჩვენ ვაძლევთ ავად მყოფ ადამიანებს საჩუქარს, რომელსაც "იმედი" ჰქვია" — განაცხადა მომღერალმა
გამოსვლისას მომღერალმა ისიც აღნიშნა, რომ ბიოსამედიცინო მკურნალობის ცენტრი იმაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე უბრალოდ კვლევა და მკურნალობაა.
"ბიოსამედიცინო მკურნალობის ცენტრი ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი უდგათ ცხოვრებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს ამ ბროლაში ყველაზე ძვირფას ინგრედიენტს, იმედს. მე ეს ზუსტად ვიცი" — განაცხადა დიონმა
სელინ დიონისთვის ეს პირველი გამოჩენა იყო პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის შემდეგ.
"ეიფელის კოშკის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა როცა სცენაზე ვდგავარ. ძალიან მომნატრებია" — განაცხადა მომღერალმა
ცნობისთვის, დიონს თითქმის ორი წლის წინ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების, SPS (Stiff Person Syndrome), დიაგნოზი დაუსვეს. დაავადების ძირითადი სიმპტომი კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. დაავადებულებს ხშირად "ქანდაკებებადაც" მოიხსენიებენ, რადგან სიმპტომები თანდათან პროგრესირებს და ბოლოს ადამიანს სიარული და ლაპარაკი აღარ შეუძლია. დაავადება არ იკურნება, თუმცა მკურნალობით მისი პროგრესირების შენელება შეიძლება.