შალვა პაპუაშვილი: სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩართული იყვნენ ბულინგში, ზეწოლაში, შეურაცხყოფაში იმ ადამიანებისა, რომლებიც მათ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებიან

შალვა პაპუაშვილი: სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩართული იყვნენ ბულინგში, ზეწოლაში, შეურაცხყოფაში იმ ადამიანებისა, რომლებიც მათ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებიან

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია გასაჯაროვდა, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ვერბალური თავდასხმები სოცმედიის საშუალებით მათზე [დეპუტატობის კანდიდატებზე] მათი ოჯახის წევრებზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მან ისაუბრა იმ სიძულვილის კამპანიაზე, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ახორციელებენ.

მისი თქმით, ამ ფაშისტური კამპანიის შესახებ, დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.

„ვნახეთ ჩვენ რომ არაფერი მორალური ბარიერი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებს, მათ შორის, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრებს, ოპოზიციის აქტივისტებს არ აქვთ, მათთვის სულერთია ვის ეხება ეს, ეხება ეს ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომელსაც გუშინ ტაშს უკრავდნენ, თუ ეხება ეს ადამიანებს, რომელსაც ისინი შეიძლება მანამდე არ იცნობდნენ. ყველა მორალური ბარიერი მოიხსნეს. ნიღაბი ეთიკის ყველანაირად ჩამოიხსნეს და პირდაპირ შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასული ჩვენი სიის წევრებზე და ასევე, ნახეთ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით. პირდაპირ ჩართული იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბულინგში, ზეწოლაში, შეურაცხყოფაში ადამიანებისა, რომელიც მათ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებიან. ამით კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში შინაარსით ლიბერალური ფაშიზმი. ეს ის ხალხია, რომელიც სემინარებზე „power point“-ებით გვიმტკიცებენ, რომ სხვათა უფლებებისთვის ყველაფერს გადადებენ, მაგრამ როგორც კი ვინმე მათი პოლიტიკური გემოვნების მიღმა არის, მზად არიან იმავე მომენტში, რომ ეს ადამიანი გაანადგურონ. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია - ბანერებზე გადაფენა წარწერების, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ე.წ. მედია საშუალებები ავრცელებდნენ, ეს ჩვეულებრივი ფაშისტური კამპანიაა, სადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აცხადებდნენ მტრად და ამაზე დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, რაც რა თქმა უნდა ახალისებს ასეთი სახის ტერორს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან. ქონების დაზიანება- მათ შორის, წალენჯიხაში იყო შემთხვევა, როდესაც მანქანა დაუზიანა „ახალის“ წევრმა და ერთ-ერთმა აქტივისტმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.