დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა, - განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში
„სხვადასხვა ქვეყნის ელჩები გამოდიან და რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს არის დიპლომატია?! ეს არის დემოკრატია?! ამისკენ მივდივართ?! ეს არის ევროპა?!.. ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს თავზე დააჯდეს,.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თუ კი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება აქვს, ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.
„2012 წლის შემდგომ პერიოდში მივაღწიეთ ყველაფერს: ასოცირების ხელშეკრულებას, კონსტიტუციაში ჩავწერეთ ევროპული მომავალი, ნატოში გაწევრიანება, უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები და სტატუსი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა მოლდოვასა და საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში შავი სურათია. ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა კი განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაარსებიდან 10 წლის თავზე გაყინოს მინისტრებს შორის მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“, ასევე არ გამართოს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები და შეაჩეროს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა.