„სწორედ, საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ გარე აქტორები დავადანაშაულოთ ტყუილში და პოპულისტური განცხადებების კეთებაში,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო არის თანამედროვე დასავლური კულტურისათვის შესაფერისი დემოკრატიული სახელმწიფო.
„საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები და რეიტინგები არა მარტო ჩვენი ოპოზიციისთვის, არამედ გარე აქტორებისთვის, რომლებიც საქართველოში ცდილობენ არეულობის მოწყობას ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით, მნიშვნელოვანი ბარიერია. საერთაშორისო მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდე, გარე აქტორები ვერ ამართლებენ თავიანთ ტყუილ განცხადებებს საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკის უკუსვლაზე და სხვა. სწორედ, საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ გარე აქტორები დავადანაშაულოთ ტყუილში და პოპულისტური განცხადებების კეთებაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ევროპის მასშტაბით პირველია. არის სხვა რეიტინგებიც - კორუფციის კონტროლი, სამოქალაქო თავისუფლებები, სასამართლოს საქმიანობის ეფექტიანობა, მოსახლეობის ნდობა სასამართლო სისტემისადმი, პიროვნული თავისუფლებები და ეს ყველა ინდექსი გვეუბნება, რომ საქართველო დღეს არის ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იმსახურებს იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ მაჩვენებლების მიხედვით საქართველო უსწრებს არა მარტო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ უსწრებს წევრ ქვეყნებსაც. მოცემული სურათი გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ დღეს საქართველო არის თანამედროვე დასავლური კულტურისათვის შესაფერისი დემოკრატიული სახელმწიფო.
დემოკრატიული განვითარების ინდექსით საქართველო დაწინაურებულია. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს ინდექსი მოამზადა იმ ევროკომისიამ, რომლის წარმომადგენლებიც არიან ჰერჩინსკი და ბორელი, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. როგორც ჩანს, ისინი არ იცნობენ თავიანთივე ინსტიტუციის მიერ გამოქვეყნებულ ამ ანგარიშებს. ამ ანგარიშებს ჩვენ არ ვწერთ. ამას აკეთებს ის ცივილური სამყარო, რომლის გარკვეული აქტორების მხრიდანაც საქართველო განიცდის ზეწოლას,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.