ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისათვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და განადგურებისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელი იყო, თუ არა საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვისკენ, პრემიერმა უპასუხა, რომ გუნდმა ამაზე ირაკლი ღარიბაშვილისგან ინფორმაცია მაშინვე მიიღო.
„ზოგადად, ძალიან მძიმე იყო ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ თებერვლის დასაწყისიდან, ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, ვიდრე ომი დაიწყებოდა. ომის დაწყების შემდეგ გაგრძელდა ეს ყველაფერი, ყველაზე მძიმე იყო ომის დაწყებიდან პირველი დღეები და შესაბამისი შეხვედრები. შემდეგ მარტში იყო ინტენსიური პროცესები და გახსოვთ, ივნისში რა მოხდა, როცა უსამართლოდ უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე, რის საფუძველზეც სცადეს რევოლუციის მოწყობა, რათა აერიათ ეს ქვეყანა და საქართველო ჩაერთოთ ომში. ეს იყო მძიმე პროცესები და ამ პროცესების ერთი პატარა ეპიზოდი იყო ის გზავნილი, რომელიც მიიღო პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან. ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და განადგურებისგან, ამაზე იყო საუბარი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.