ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა, შანტაჟის ქვეშ გაემართა რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის არის მზად, გამართოს ასეთი შეხვედრა, ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც, რაც არის ძალიან კარგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
„მიმდინარეობდა შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როგორც კი დაიწყო უკრაინაში ომი, მაშინვე მას გაუყინეს თანხები მის ანგარიშებზე, შეუჩერეს გადარიცხვები და აბსოლუტურად ობიექტური მიზეზების გამო, მას ამ ფონზე არ სურდა შეხვედრების გამართვა. ეს პროცესები გაგრძელდა ორი წლის განმავლობაში და სწორედ ამის გამო იკავებდა თავს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებისგან. მას არ უნდოდა, შანტაჟის ქვეშ გაემართა რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის არის მზად, გამართოს ასეთი შეხვედრა, ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც, რაც არის ძალიან კარგი. ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის", - განაცხადა პრემიერმა.