გავრცელებული პრაქტიკაა, არიან ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში მიეკუთვნებიან რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა რეგისტრირდებიან, როგორც ე.წ დამკვირვებელი ორგანიზაციები, თუმცა ასეთ ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ, არავითარი ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანაში არის უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, როგორიც წინა წლების განმავლობაში არ ყოფილა.
„ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები ეწოდება მაგალითად „საერთაშორისო გამჭვირვალობას", ან ISFED-ს და ა.შ. მათაც გამოხატული აქვთ საკუთარი საარჩევნო მიზანი. ეს საარჩევნო მიზანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის" შემთხვევაში მათ შორის დაადასტურა ანტიკორუფციულმა სამსახურმა და სასამართლომ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი ვერავითარი მიუკერძოებელი დამკვირვებლები ვერ იქნებიან, თუმცა ამ ყველაფერს არ შეუძლია რაიმე არსებითი გავლენის მოხდენა საარჩევნო პროცესებზე. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო. ასეთ მშვიდი გარემო ჩვენ არ გვქონია წინა წლების განმავლობაში. არის აბსოლუტურად სამართლიანი, კონკურენტული ეს არჩევნები. თითიდან გამოწოვაც კი უჭირთ იმ პრობლემების დასახელების, რომლებზეც ხანდახან საუბრობს ოპოზიცია და ცალკეული NGO. შესაბამისად, ასეთ ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ, არავითარი ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.