26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ სიძულვილის დათესვის მცდელობაში უცხოური ფული არის ჩართული.
„ლიბერალური ფაშიზმი არ არის ახალი მოვლენა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და მათთვის არ არსებობს არავითარი ფასეულობა. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი, არც ქართველი სპორტსმენი არ არის მათთვის სინამდვილეში ფასეული. მათი გულშემატკივრობაც არის აბსოლუტურად ყალბი. სხვანაირად შეუძლებელია, აიხსნას ის ლიბერალურ-ფაშისტური გამოხტომები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ღირსეულ ადამიანებზე. თავად ამ ადამიანების უღირსობაზე მეტყველებს ის ბულინგის მცდელობა, რომელსაც ისინი ახორციელებენ. 26 ოქტომბრის არჩევნები ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილს, რომლის დათესვასაც ეს ადამიანები ცდილობენ. სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესებში, რასაც ჰქვია სიძულვილის დათესვის მცდელობა, უცხოური ფული არის ჩართული. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ყველამ დაინახოს, თუ ვინ აფინანსებს სიძულვილის დათესვას საქართველოში ", - განაცხადა პრემიერმა.