არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ოთხ დღეში გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ თქვენი მომავალი მთავრობა. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს“, - აღნიშნა ელჩმა.
მან კვირას თბილისში გამართულ პროევროპულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, სიამაყის დღე იყო.
„კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა. ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე. დავინახე უამრავი ხალხი, უამრავი ახალგაზრდა. ახალგაზრდები, თქვენი შვილები - ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს, ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში, მათ არ უნდა ეძიონ უკეთესი ცხოვრება სადმე სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ მშვენიერ საქართველოში“, - აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმზეა.
„როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირის ლიდერებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის ეს ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, მაგრამ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. აქტიურობა იყო ძალიან დაბალი, ასე რომ, გადით და მიეცით ხმა, მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის და თქვენი შვილების მომავლისთვის. ევროკავშირი არის წარმატების უზარმაზარი ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, ეს არის განვითარების გარანტია, ეს არის ღირსეული ცხოვრების გარანტია, არა რამდენიმე მდიდრის ცხოვრების. ეს არ არის რამდენიმე მდიდრის მდიდრული ლიმუზინი, ეს არის ღირსეული ცხოვრება ყველასთვის. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ევროკავშირმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, გელოდებით, მაგრამ ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. ეს არის თქვენი არჩევანი“, - აღნიშნა ელჩმა.
„სხვისი არავისი არის - საქართველო არის შენი, წინ საქართველო, წინ“, - განაცხადა ელჩმა ქართულად.