მაია ბითაძე: მუდმივად გვარწმუნებდნენ, რომ მოლდოვა იყო უფრო დემოკრატიული, იქ პროცესები ბევრად „ევროპულად

მაია ბითაძე: მუდმივად გვარწმუნებდნენ, რომ მოლდოვა იყო უფრო დემოკრატიული, იქ პროცესები ბევრად „ევროპულად" მიმდინარეობდა, ვიდრე საქართველოში. ვნახეთ, რომ რადიკალური სხვაობაა აღქმებსა და დამოკიდებულებაში

მუდმივად გვარწმუნებდნენ, მთელ პლანეტას არწმუნებდნენ, რომ მოლდოვა იყო უფრო დემოკრატიული, უფრო მსურველი ევროინტეგრაციის და იქ პროცესები ბევრად „ევროპულად“ მიმდინარეობდა, ვიდრე საქართველოში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ რადიკალური სხვაობაა აღქმებსა და დამოკიდებულებაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„რამდენიმე წამის წინ ვთქვი, რომ სიცრუე იმის სიცრუეა, ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოინგრევა. ჩვენ მუდმივად გვარწმუნებდნენ, მთელ პლანეტას არწმუნებდნენ, რომ მოლდოვა იყო უფრო დემოკრატიული, უფრო მსურველი ევროინტეგრაციის და იქ პროცესები ბევრად „ევროპულად“ მიმდინარეობდა, ვიდრე საქართველოში. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ რადიკალური სხვაობაა აღქმებსა და დამოკიდებულებაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, რომ ევროპა შეიცვლის თავის პოზიციას, თუმცა, მე ისიც მახარებს, რომ იმ სიცრუეს, რაც სალომე ზურაბიშვილმა იკადრა და პირდაპირ განაცხადა, რომ თითქოს ევროკავშირის ელჩი ოპოზიციას უჭერს მხარს და მხოლოდ მაშინ გაიხსნება მოლაპარაკებები, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, პირდაპირ უპასუხა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას იმ მთავრობასთან, რომელსაც აირჩევს ხალხი. ასე გაგრძელდება მუშაობა სწორედ 26 ოქტომბრის შემდგომ.

რაც შეეხება მოლდოვას მაგალითს, ეს არის სამწუხარო მაგალითი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, როგორც სტრუქტურისთვის და ამ კონტინენტისთვის, რომ გაიფლანგა რწმენა ევროპულ ღირებულებებში. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ეს ზეწოლა, რომელიც, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, რათა მათ აზრი შეიცვალონ და რადიკალურ ოპოზიციას, მარიონეტებს მისცენ ხმა, ეს ფლანგავს საქართველოს მოსახლეობის რწმენას ევროპულ ღირებულებებში, ვინაიდან ვერ გაიგო ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ჩვენ, ის ადამიანები, რომლებსაც ზეწოლა გვახსოვს მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და კარგად ვიცით რას ნიშნავს დიდი ძმის დაქნეული ხელი. ასე, რომ ეს უკურეაქციას იწვევს. სავარაუდოდ, ასეთივე უკურეაქცია გამოიწვია მოლდოვის მოსახლეობაში. ამიტომ გვაქვს ასეთი სავალალო შედეგი. როგორც ვიცი ათასამდეა განსხვავება ხმების რაოდენობის მომხრესა და მოწინააღმდეგეს შორის“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.