დღეს შევეხებით „ნაცების“ ოთხეულის საერთო ფეიკ-კამპანიას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, არცერთი პარტია, მათ შორის, არც ეს ოთხი აგენტურული პარტია საარჩევნო ველზე არ ატარებს არანაირ კამპანიას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, სრულყოფილი საარჩევნო კამპანია მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს. რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მისი თქმით, არავის ურჩევს ხელოვნური ინტელექტით მოსახლეობაზე ზემოქმედების მცდელობას.
„ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტი და სრულყოფილი საარჩევნო კამპანია აქვს ერთადერთ პარტიას - ეს ვართ ჩვენ, „ქართული ოცნება“. ასევე არ არსებობს მეორე პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელსაც ჰყავს დელეგატობის კანდიდატები საარჩევნო ოლქებში.
ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბევრს არ ვისაუბრებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ნამდვილად არავის ვურჩევთ ხელოვნური ინტელექტითა და დიპფეიკებით ხალხზე ზემოქმედების მცდელობას - და ამას შემთხვევით არ ვამბობ.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.