როგორ შეძლეს ვიღაცებმა და მოლდოველი ხალხის ნახევარს შეაძულეს ევროპა? ჩვენთანაც ასე მოხდება თუ მაგრად არ დავდექით - როცა ევროპის სახელით ელაპარაკებიან მოსახლეობას ტყუილებს, ასეთი შედეგები დგება და ამას ვუფრთხილდებით სწორედ ჩვენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რითაც უპასუხა მოლდოვაში ჩატარებულ რეფერენდუმზე დასმულ კითხვას.
მისი თქმით, ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით რეალური, კონკრეტული შედეგები აქვს, იმ ხალხს კი, რომელმაც გუშინ აქცია ჩაატარა ევროპის სახელით, ამ კუთხით ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს.
„ჩვენ რომ წითელ ხაზებს არც ვუახლოვდებით იმიტომ რომ იმიჯურად, სწორად არ შეილახოს ევროპაზე წარმოდგენა, ამას არათუ გვიფასებენ, არამედ გვიტრიალებენ - თურმე ანტიევროპელები ჩვენ ვყოფილვართ და მთავარი ევროპელები ყოფილან ისინი, ვინც სიბნელეში და ბოღმაში რომ იხრჩობიან - ასეთი წარსული მქონე ადამიანები. მოლდოვას ეს დაემართა; როგორ შეძლეს ვიღაცებმა და მოლდოველი ხალხის ნახევარს შეაძულეს ევროპა? ჩვენთანაც ასე მოხდება თუ მაგრად არ დავდექით. ევროპის სახელით ვიღაცები გვებრძვიან და პირველ რიგში ჩვენ ვუფრთხილდებით ევროპას და ევროპულ ღირებულებებზე რეალურ წარმოდგენებს. საქართველოში ადამიანებს ეუბნებიან, რომ სააკაშვილი, ხაზარაძე, გვარამია, გახარია არის ევროპა და ეს ხალხი, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე და დემოკრატიაზე ზრუნავს, ესენი ანტიევროპელები არიან. ბოლოს იფიქრებს ადამიანი, რომ თუ ეს ევროპაა, არ მინდა ასეთი ევროპა. ღმერთმა არ ქნას ეს დაგვემართოს და ამაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად. ევროპის სახელით ვინ გამოდის - მოგმართავ ნებისმიერს, ერთი ნაბიჯი გახსენდებათ ევროპისკენ გადადგმული იმ ხალხის ვინც გუშინ აქცია დააორგანიზა? შედეგებით ხომ უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე? გუშინდელი აქციის ორგანიზატორების შედეგია - დაკარგული ტერიტორიები, თავის ჯარზე დაბრალებული ომის დანაშაული, სიღარიბე. ჩვენი შედეგია ამ მიმართულებით - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია და ამ ჩხუბის, ფეიკამპანიების ფონზე, ბრძოლით კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ვინც ხალხს კლავდა, აწამებდა, აუბედურებდა, ისინი ყოფილან ევროპელები და ჩვენ თურმე ჩელიაბინსკისკენ მივაქანებთ ქვეყანას. ამ ყველაფრის ავტორებს ხმას რომ აძლევენ, ასეთი ადამიანების მიკვირს, მიკვირს რომ იღებენ პასუხისმგებლობას ამ ბნელ წარსულზე, მკვლელობებზე, გაუპატიურებებზე, ხალხის რეკეტზე და წართმეულ ბავშვობაზე. მოლდოვაში ასე ნაბიჯნაბიჯ შეაძულეს ევროპა და ევროპელობა. ჩვენ ევროპაზე წარმოდგენები უნდა დავიცვათ, უნდა ვთქვათ, რომ ეს ხალხი ევროპა არ არის, არ შეიძლება სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. ევროპა იყოს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მოლდოვის ცესკოს მონაცემებით, ევროკავშირში გაწევრიანებას ამომრჩეველთა 49,97 პროცენტმა უარი უთხრა.