ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ სალომე ზურაბიშვილს ხალხის გადაგდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, იმ მილიონ ორასი ათასამდე ამომრჩეველს შორის, ვინც ხმა მისცა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას, ერთი-ერთი თავად იყო.
„არა მხოლოდ ამომრჩეველი, არამედ, ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი იმ კამპანიის, რომელიც მის დასახმარებლად წარმოებდა. დღეს გამოვიდა, რომ ქართველი ამომრჩეველი სალომე ზურაბიშვილმა ყველა გადააგდო, დაექვემდებარა პატრონაჟს, დავარქვათ ასე და პატრონების დავალებით „ნაცმოძრაობის“ მხარდამხარ და კვალდაკვალ მოქმედებს.
ამიტომ, შეიძლება ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს, მაგრამ იმპიჩმენტი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ არ გადავაგდებინოთ ეს ხალხი მას, ერთი და მეორე, მას დაერქვას გადაყენებული და არა ვადაგამოლეული პრეზიდენტი იმისთვის, რომ ეს სიმბოლიზმი აისახოს ქართველი ხალხის პასუხში მისი გააგენტების გამო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.