იყო წინასაარჩევნო აქცია, მაგრამ ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა, მოწოდებები არ ისმოდა. ამომრჩეველს კითხვა რომ გასჩენოდა, ვის მივცე ხმა - ამაზე პასუხი მთელი დღის განმავლობაში არ იყო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინდელი აქციის შეფასებისას.
მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს აქციაზე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით.
„მთელი დღეა კამპანია აქვთ რაოდენობასთან დაკავშირებით. კადრებში, რაც გაავრცელეს, ჩანს ასეულობით ათასი ადამიანი, რატომ იკლებენ და რატომ ამბობენ ათეულობით ათასი იყოო, არ მესმის. თავიდან თქვეს 100 000, მერე თქვეს 190 000, კადრებში ნახევარი მილიონი ჩანს. მერე სხვა კადრები ვნახეთ, სადაც 25 000, 20 000 ადამიანი ჩანს. რა ხდება ვერ გავარკვიეთ, იქნება გაგვარკვიონ. ასეთ მანიპულაციებში არიან“, - აღნიშნა მდინარაძემ.